LIVE

6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

31 ივლ 202311:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 364
6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-ივნისის საშუალო რეალური ზრდა 7.6% იყო.

ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.  

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის პირველ 6 თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით, ხოლო იმპორტი - 20.4%-ით.

მხოლოდ ივნისში საქართველოში, 6 702 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9%-ითაა გაზრდილი.  

ივნისში, წლიურად 6.1%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მლრდ 991 მლნ ლარს გადააჭარბა. 

შეგახსენებთ, საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალოდ 6%-ით ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზრდება. 4.5%-იან ზრდას ელის აზიის განვითარების ბანკი (ADB). Galt & Taggart-ის პროგნოზით კი, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.    

აღსანიშნავია, რომ მაისში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ზაფხულის ბოლოს, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას გეგმავს. მისი შეფასებით, არსებული 5%-იანი პროგნოზი, დიდი ალბათობით გაიზრდება

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყო. 

გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებდა, რამდენადაც იმიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა. 

2023 წლის პირველ 6 თვეში კი საქართველოში 741 909 რუსი შემოვიდა, ხოლო 747 679-მა ქვეყანა დატოვა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისში ქვეყანაში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2022 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 110%-ით აღემატება.