საქსტატი არ ასაჯაროებს უმსხვილეს ჩინელ ინვესტორს, რომელზეც მეორე კვარტალში განხორციელებული 219.5 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის ლომის წილი მოდის. ამ მაჩვენებლით ჩინეთი პირველად გახდა ქვეყნის ტოპ ინვესტორი, რამდენადაც ეს თანხა მე-2 კვარტლის FDI-ის თითქმის ნახევარია.
"ბიზნეს ფორმულამ" საქსტატიდან ინფორმაცია გამოითხოვა ჩინეთიდან მიღებულ უმსხვილეს ინვესტიციებზე და უმსხვილეს ინვესტორ კომპანიებზე. პასუხად მივიღეთ, რომ ის ერთი კომპანია, რომელსაც ყველაზე მსხვილი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, კონფიდენციალურია, თუმცა დაგვიდასტურეს, რომ ეს კომპანია საფინანსო და სადაზღვევო სექტორში საქმიანობს.
საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - არ მოგვაწოდეს
- ელ. ენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - $1 473 300
- მშენებლობა - $1 230 800
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - $916 900
- ტრანსპორტი და დასაწყობება - $262 700
- დამამუშავებელი მრეწველობა - $31 400
- დანარჩენი სექტორები - $215 598 900
სავარაუდოა, რომ სწორედ დანარჩენი სექტორებია ის, რაც საქსტატმა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების ნაწილში არ გაგვიმხილა, რადგან, მეორე მხრივ, დადასტურებით გვითხრა, რომ უმსხვილესი ინვესტიცია ჩინეთიდან სწორედ ამ სექტორზე მოდის.
მით უმეტეს, ცნობილია, რომ "ლიბერთი ბანკის" შესყიდვა ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" კუთვნილ "ბაზის ბანკს" აპრილში 250 მილიონი დოლარი დაუჯდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თანხის ნაწილი "ბაზის ბანკმა" სესხად მიიღო სავარაუდოდ თიბისი ბანკისგან აქტივების დაგირავებით. თუმცა, რადგან ინვესტიციებში არ ჩანს კონკრეტული კომპანია, საკითხავია, კონკრეტულად ვინ გადაუხადა ჯამური თანხა ლიბერთი ბანკის ყოფილ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს? ან რამდენი გადაუხადა? ან რატომ ჩაითვალა ეს ტრანზაქცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად, მაშინ როცა არც ერთი ბანკის სააქციო კაპიტალი არ გაზრდილა.
რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არ ამხელს საქსტატი უმსხვილეს ჩინელ ინვესტორს:
"ზოგადად, საფინანსო და სადაზღვევო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა, საქსტატის „საგარეო ეკონომიკური საქმიანობების შესახებ“ სტატისტიკური გამოკვლევის მონაცემების გარდა, მოიცავს კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სადაზღვევო კომპანიებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს. თუმცა, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიიღება მხოლოდ აგრეგირებული მონაცემები და დეტალურად ინფორმაციის ჩაშლა კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სადაზღვევო კომპანიებზე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, თუ ჩინეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩადებულია ისეთ კომპანიაში, რომლის შესახებ მონაცემების წყარო არის ეროვნული ბანკი, ჩვენ ტოპ საწარმოების სიაში ვერ მოხვდება. თუ ასეთი მონაცემის წყარო არის საქსტატის „საგარეო ეკონომიკური საქმიანობების შესახებ“ სტატისტიკური გამოკვლევა, ასეთი კომპანია შესული იქნება ტოპ საწარმოების სიაში," განგვიცხადეს საქსტატში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქსტატი ამბობს რომ თავადაც არ იცის ვინაა უმსხვილესი ჩინელი ინვესტორი საფინანსო სექტორში და რაც ეროვნული ბანკისგან მიიღო აგრეგირებულად, ის მონაცემი გამოიყენა.
ჩვენ ეროვნულ ბანკს უკვე მივმართეთ თხოვნით, გაგვიზიაროს რომელი კომპანია იყო ტოპ ინვესტორი ჩინეთიდან მეორე კვარტალში. სტატია განახლდება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.