Aisitec HR & Payroll-მა საკუთარ პლატფორმაში Signify-ს ციფრული ხელმოწერის ფუნქციონალი დააინტეგრირა. პარტნიორობა მიზნად ისახავს HR პროცესების გამარტივებასა და გაუმჯობესებას, ასევე იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების სრულად ციფრულად მართვას.
ბაზარზე დღეს ბევრი სისტემა ცდილობს, ყველა ფუნქცია თავად შექმნას და ერთ პლატფორმაში გააერთიანოს. Aisitec კი განსხვავებულ მიდგომას ირჩევს და ღია ეკოსისტემის პრინციპით მუშაობს. კომპანიის ხედვით, HR & Payroll სისტემა მარტივად უნდა ერგებოდეს ორგანიზაციებში უკვე გამოყენებულ ტექნოლოგიებს. სწორედ ამიტომ, ციფრული ხელმოწერის ფუნქციისთვის პარტნიორად შეირჩა Signify, რომელიც გამოცდილი, ფართოდ გამოყენებული და სანდო პლატფორმაა.
ინტეგრაციის შედეგად, HR მენეჯერებს შეუძლიათ Aisitec HR & Payroll-იდან პირდაპირ შექმნან და Signify-ის მეშვეობით ხელმოსაწერად გაგზავნონ სხვადასხვა ტიპის დოკუმენტი. მათ შორისაა შრომითი ხელშეკრულებები, ხელშეკრულებების ცვლილებები (მაგალითად, ხელფასის ან პოზიციის ცვლილება), სხვადასხვა ბრძანება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დოკუმენტები.
Aisitec-ში დოკუმენტი ჯერ გადის შეთანხმებისა და დამტკიცების პროცესს, რის შემდეგაც ავტომატურად იგზავნება Signify-ში ხელმოსაწერად. ხელმომწერები დოკუმენტს ელექტრონულად ადასტურებენ, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ ხელმისაწვდომია შესაბამისი დადასტურებები და მტკიცებულების ანგარიშები.
„თანამედროვე მიდგომა ისაა, რომ ორგანიზაციას არ სჭირდება ყველა სისტემის ერთი ვენდორისგან ყიდვა - მთავარია, სხვადასხვა საუკეთესო სისტემები ერთმანეთთან კომფორტულად და უწყვეტად იყოს დაკავშირებული. Signify-სთან ინტეგრაციით ჩვენ სწორედ ეს ღირებულება შევქმენით,“ - აცხადებენ Aisitec-ში.
ეს პარტნიორობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ დოკუმენტაციის სხვადასხვა პლატფორმაზე გაბნევა, შეამცირონ ბიუროკრატიული დანახარჯები და უზრუნველყონ HR ადმინისტრირების სრული, უწყვეტი ციფრული ციკლი.
კომპანიების შესახებ:
Aisitec HR & Payroll - თანამედროვე და მრავალფუნქციური HR პლატფორმაა, რომელიც 2016 წლიდან ეხმარება კომპანიებს HR პროცესების ავტომატიზაციაში. პლატფორმა ათავისუფლებს HR მენეჯერებს რუტინული საქმისგან და აძლევს მათ საშუალებას, მეტი დრო დაუთმონ სტრატეგიულ ამოცანებს; ხელმძღვანელობას სთავაზობს ზუსტ, რეალურ დროში განახლებულ მონაცემებს შიდა ბიზნეს პროცესებზე; ხოლო თანამშრომლებს — შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მართონ საკუთარი HR მოთხოვნები.
Signify - დოკუმენტების მართვის ციფრული პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც კომპანიები ყოველთვიურად 1.5 მლნ-მდე იურიდიულ დოკუმენტს აგენერირებენ და მართავენ.
(R)