LIVE

AURA-სა და Signify-ს ტექნოლოგიური ინტეგრაცია Odoo ERP-ში - ბიზნეს პროცესების სრული ავტომატიზაცია

14 აგვ 202612:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 35
AURA-სა და Signify-ს ტექნოლოგიური ინტეგრაცია Odoo ERP-ში - ბიზნეს პროცესების სრული ავტომატიზაცია

Odoo-ს პირველმა ოფიციალურმა პარტნიორმა საქართველოში, კომპანია AURA-მ, ERP სისტემაში Signify-ს ციფრული ხელმოწერების ინტეგრაციის მოდული წარმატებით შექმნა. აღნიშნული ტექნოლოგიური ინტეგრაციის მიზანია Odoo-ს ERP სისტემაში ბიზნეს პროცესების სრული გაციფრულება და იმ ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრა, რაც აქამდე სისტემაში გენერირებული დოკუმენტების ფიზიკურ ხელმოწერას უკავშირდებოდა.

პარტნიორობის მთავარი ინსპირაცია გახდა რეალობა, რომ ERP სისტემაში მომზადებული დოკუმენტები საბოლოო ეტაპზე მაინც საჭიროებდა იურიდიულად აღიარებულ ხელმოწერას. Signify-სთან თანამშრომლობით ეს რგოლიც სრულად გაციფრულდა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სისტემიდან გაუსვლელად, ერთი ფანჯრის პრინციპით დაასრულოს ბიზნეს პროცესი.

AURA-მ არჩევანი Signify-ზე, როგორც ტექნოლოგიურ პარტნიორზე, სამართლებრივი შესაბამისობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების გამო შეაჩერა. პლატფორმა სრულად შეესაბამება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას, ფლობს eIDAS შესაბამისობასა და ISO 27001 სერტიფიკატს. ამასთანავე, გადამწყვეტი როლი ითამაშა Signify-ს მოქნილმა API-მ, რამაც Odoo-სთან მონაცემთა უწყვეტი და დაცული ინტეგრაციის შესაძლებლობა შექმნა.

ტექნოლოგიური სიახლე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დოკუმენტები Odoo-სყველა ძირითადი მოდულიდან დააინიციროს, მათ შორის HR მიმართულებით შრომითი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ასევე გაყიდვების, შესყიდვებისა და ფინანსების მოდულებში. Odoo-ში გენერირებული PDF დოკუმენტი ერთი დაჭერით იგზავნება Signify-ში, სადაც ხელმომწერი პირი გადის იდენტიფიკაციას SMS OTP კოდით. ხელმოწერისთანავე, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი ავტომატურად ბრუნდება და ინახება სისტემის არქივში. აღსანიშნავია, რომ სტანდარტული მოდელების გარდა, ხელმოწერის ფუნქციონალი შეიძლება ჩაშენდეს მომხმარებელზე მორგებულ, არასტანდარტულ მოდულებშიც.

აღნიშნული პარტნიორობა ამცირებს რუტინულ პროცესებზე დახარჯულ დროს და ცვლის პროცესების მართვის სტანდარტს. ახლა უკვე დოკუმენტის შექმნა, შეთანხმება, იურიდიული ხელმოწერა და არქივაცია ერთიან დაცულ ციფრულ სივრცეში ხდება.

AURA-ს შესახებ: AURA არის პირველი ოფიციალური Odoo SA-ს პარტნიორი საქართველოში. 2019 წლიდან კომპანია ბიზნესებს სთავაზობს ERP სისტემების სრულყოფილ დანერგვას, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და სისტემის ლოკალიზაციას ქართული ბაზრისთვის (მათ შორის RS-ის, ეროვნული ბანკისა და ქართული კომერციული ბანკების ინტეგრაციებს).

Signify - დოკუმენტების მართვის ციფრული პლატფორმაა, რომელის საშუალებითაც კომპანიები ყოველთვიურად 1.5 მლნ-მდე იურიდიულ დოკუმენტს აგენერირებენ და მართავენ.

(R)