LIVE

ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

10 მაი 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 422
ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და ელის, რომ ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება. აქამდე სებ-ი 4%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ფასებზე მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია.

„მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5%-ის ფარგლებში, იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.2% იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4-5%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება. ასევე 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი (ADB). Galt & Taggart-მა კი 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.8%-მდე გაზარდა

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყო. 

შარშან ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებდა, რამდენადაც იმიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.