LIVE

60+ მოქალაქეებს საბარათე ოპერაცია რამდენიმე მიზეზით შეეზღუდებათ - სებ-ის განმარტება

01 სექ 202615:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 28
60+ მოქალაქეებს საბარათე ოპერაცია რამდენიმე მიზეზით შეეზღუდებათ - სებ-ის განმარტება

60 წელს ზევით ასკის მომხმარებლების მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი რამდენიმე წინაპირობას ადგენს, რომელთა ერთობლიობა ბანკს ავალდებულებს საბარათე ოპერაცია 48 საათით შეზღუდოს. 

კერძოდ, დამატებითი დაცვის მექანიზმი ამოქმედდება, როცა ბარათის გამცემი კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 60 წელს ზემოთ მომხმარებელთან მიმართებაში შემდეგ გარემოებებს ერთდროულად გამოავლენს:

  • გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობასთან (მაგალითად, კრტიპტოაქტივები)
  • მომხმარებლის ხარჯვა და ქცევა უჩვეულოა, ანუ მას ამ ტიპის ოპერაცია აქამდე არ გაუკეთებია
  • გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს;

"ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 48 საათით შეაჩეროს მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულება, დაუკავშირდეს მომხმარებელს და მარტივი და გასაგები ფორმით მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია რისკების ან შესაძლო თაღლითობის შესახებ," აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მომხმარებელს რისკიანი ან საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათის განმავლობაში ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი ოპერაციის შესრულებას კვლავ გადაწყვეტს, ამის შესახებ მან მომსახურების პროვაიდერს უნდა დაუდასტუროს.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ "მოწყვლადი სეგმენტის მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და ის არ ეხება ჩვეულ გადახდა/გადარიცხვებს".