LIVE

ეკონომიკა ივლისშიც რუსული ნავთობის საქართველოდან ექსპორტმა გაზარდა

31 აგვ 202613:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 83
ეკონომიკა ივლისშიც რუსული ნავთობის საქართველოდან ექსპორტმა გაზარდა

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ეკონომიკა წლიურად 8 პროცენტით გაიზარდა, შვიდი თვის საშუალო ზრდა 7.9 პროცენტია.

ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, კვლავ დამამუშავებელი მრეწველობაა და ამ შემთხვევაში, საუბარია ყულევში, ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში შეყვანილი ბლექ სი პეტროლიუმის მიერ გადამუშავებულ რუსულ ნედლ ნავთობზე.

"ნავთობპროდუქტების წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთას, გაზოილის, მაზუთის წარმოების მაჩვენებლები. აქვე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25-ჯერ გაიზარდა აღნიშნული დასახელების ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ძირითადად აფრიკის რამდენიმე ქვეყნის და სინგაპურის მიმართულებით," განაცხადა დღეს საქსტატის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ.

იანვარ-ივლისის იმპორტის სტატისტიკა მოწმობს, რომ საქართველოში სულ 241 736 500 დოლარის ნედლი ნავთობი შემოვიდა,  114 201%-ით მეტი, ვიდრე შარშან ამ პერიოდში. იმპორტი თითქმის სრულად რუსეთიდანაა - კერძოდ, ოკუპანტი ქვეყნიდან 238 509 100 მილიონი დოლარის ნედლი ნავთობი შემოვიდა გადასამუშავებლად, ხოლო შემდეგ ექსპორტზე გაიგზავნა როგორც ქართული ნაწარმი.

თავად ბლექ სი პეტროლიუმმა, რომელსაც რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად ევროკავშირმა 6-თვიანი ვადა განუსაზღვრა, ივლისის ბოლოს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებდა. კომპანიამ ისიც დასძინა, რომ 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებდა. 

ფაქტია, რომ ამ დრომდე არსებული სტატისტიკა ნედლი ნავთოიბს საიმპორტო ქვეყნების დივერსიფიკაციას არ აჩვენებს და გადასამუშავებელი ნავთობი ივლისის ჩათვლით ძირითადად რუსეთიდან შემოდიოდა. მათ შორის მხოლოდ ივლისში, ქვეყანაში შემოსული 39,5 მილიონი დოლარის ნედლი ნავთობიდან 36 მილიონზე მეტი რუსეთიდან იყო, ხოლო ყაზახეთიდან - მხოლოდ $3,2 მილიონი.

რაც შეეხება გადამუშავებულის ექსპორტს, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, იანვარ-ივლისში 543 201 600 მილიონი დოლარის ნავთობი გაიგზავნა ექსპორტზე ქვეყნიდან. ზრდა 4000 პროცენტია, საბოლოო დანიშნულება კი ძირითადად - ჩინეთი, თურქეთი და აფრიკაა.

მაგალითად, აფრიკული სახელმწიფო ტოგო, რომელიც ქართულად შერაცხული რუსული ნავთობის დამსახურებით, ქვეყანაში ადგილობრივად ნაწარმი პროდუქციის ექსპორტში 5%-იან წილს იკავებს (შედარებისთვის, სომხეთში უფრო ნაკლები ქართული პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე ტოგოში). ეს იმიტომ, რომ იანვარ-ივლისში, საქართველომ ტოგოში 137 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი გაგზავნა. წლიური ზრდის მაჩვენებლის დასადგენად, შესადარებლად არაფერი გვაქვს, რადგან წარსულში საქართველოდან ტოგოში არც არაფერი იგზავნებოდა, მით უმეტეს - რუსული წარმოშობის ქართული ნაწარმი. ამ მიზეზით, გასული წლის მაჩვენებლის და წლიური ზრდის გრაფები საქსტატსაც ცარიელი აქვს ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკაში.