LIVE

წელს საქართველოში 741 909 რუსი შემოვიდა, 747 679 კი გავიდა - შსს

18 ივლ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 824
წელს საქართველოში 741 909 რუსი შემოვიდა, 747 679 კი გავიდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 741 909 რუსი შემოვიდა, 747 679-მა კი ქვეყანა დატოვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2022 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 110%-ით აღემატება.

რაც შეეხება II კვარტლის მონაცემებს, შსს-ს მიხედვით, აპრილ-ივნისის პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. კერძოდ, 3 თვეში ქვეყნის საზღვარი 443 624-მა რუმა გადმოკვეთა, რაც წლიურად 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში ქვეყნიდან 427 433 რუსი გავიდა.

საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში მეორე პოზიცია დაიკავა თურქეთმა, შემდეგ მოდის სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

აღსანიშნავია, რომ შსს-მ წელს საზღვრის კვეთის სტატისტიკის გამოქვეყნების ვადები შეცვალა და ყოველთვიურის ნაცვლად, ყოველკვარტალურ მონაცემებს აქვეყნებს. ამასთან, სტატისტიკაში პირველად გაჩნდა მონაცემები იმის შესახებ, თუ კონკრეტული ქვეყნის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წლის II კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 4 918 036-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 70% უცხოელი იყო, 30% კი - ქართველი. შემომსვლელებიდან, 1 092 903-მა მოქალაქემ ქვეყანაში 24 საათი და მეტი გაატარა, 257 872 მოქალაქე კი საქართველოში გავლით იმყოფებოდა.  

შსს-ს მონაცემებით, აპრილი-ივნისის პერიოდში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზე იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამეზე კი - ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი.