მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ განიხილა და წარმოებაში მიიღო 150 საჩივარი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების წინააღმდეგ. აქედან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 - განხილვის და მოკვლევის პროცესშია. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მომხმარებლებისთვის უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 426 ათას ლარს შეადგენს.
წარდგენილი საჩივრები უმეტესწილად უკავშირდება ანგარიშიდან განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმება. მარეგულირებელი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში კომისიის მიმართ მოქალაქეების მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ხელი შეუწყო ცვლილებამ, რომლითაც განსახილველად დასაშვები დავის საგნის ღირებულება 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა.
მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს ეროვნულ ბანკთან მოქმედ დავების განმხილველ კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.
"ამ ეტაპზე მიმდინარე დავების ჯამური ღირებულება 400 ათასი ლარია, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის ასანაზღაურებელი დარჩენილი თანხის მოცულობა 393 ათასი ლარია," აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ჯამურად კი, კომისიის საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში მიღებული საჩივრებით მოთხოვნილი თანხის მოცულობა 1 მილიონ 645 ათას ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია მომხმარებლებისთვის დავის განხილვის უფასო მექანიზმია, რომლის მიზანი საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის შექმნა უკავშირდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას.