აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შესაძლოა შენელდეს რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი.
ADB წელს საქართველოს ეკონომიკის 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. მათი შეფასდებით, მშპ 5%-მდე გაიზრდება 2024 წელს მომსახურების სფეროში მზარდი მოგების კვალდაკვალ.
„გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველომ უფრო მდგრადი განვითარების გზები უნდა ეძებოს. პოზიციის გასამყარებლად ტურიზმისა და მომსახურების სფეროში და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კამელ ბუმადმა.
რაც შეეხება ინფლაციას, ADB-ის შეფასებით, 2022 წელს დაფიქსირებული 12%-იანი ინფლაციის 2023 წელს 6%-მდე განახევრება, ხოლო 2024 წელს 4%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი, რითაც ინფლაცია ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შედარებით სუსტი საშინაო მოთხოვნა და გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვებია.
ADB-ის თანახმად, 2023 წელს ინვესტიციების გაზრდა 5.5%-ით და 2024 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი. ბიუჯეტის დეფიციტი კი 2023 წელს მშპ-ს 2.7%-ის და 2024 წელს 2.5%-ის ეკვივალენტით შემცირდება.
შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 7.1% იყო.
წელს მთავრობა საქართველოში ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელის. 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
თებერვლის ბოლოს გამოქვეყნებული პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში, ოფისი საქართველოს ეკონომიკის 7.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. მათი შეფასებით, მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა განპირობებული იქნება 2022 წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4-5%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება. Galt & Taggart-ის თანახმად კი, გაზრდილია ალბათობა, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდოს.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყო.
გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებდა, რამდენადაც იმიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.2%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის ტემპის შემცირების მიუხედავად, წლიური ინფლაცია აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.