LIVE

საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთებმა გასულ წელს 9,5%-ით იკლო - PMCG

09 სექ 202613:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 16
საქართველოს გავლით სატრანზიტო ტვირთებმა გასულ წელს 9,5%-ით იკლო - PMCG

საქართველოს გავლით გადაზიდული სატრანზიტო ტვირთები შარშან შემცირდა.

მართალია, 2018 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში ჯამური ტრანზიტი საქართველოს გავლით გაორმაგდა და მაგალითად 2024-ში 15 მილიონ ტონას გადააჭარბა, თუმცა შარშან წლიურად 9.5%-იანი კლება აჩვენა - 13.7 მილიონ ტონამდე.

PMCG-ის თანახმად, ეს კლება განპირობებული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნით, სადაც ტვირთები წლიურად 7.8%-ით შემცირდა. ასევე იკლო ტვირთებმა ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულბითაც, 33.5%-ით 1 მილიონ ტონამდე, რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.

რაც შეეხება შუა დერეფანს, კვლევის მიხედვით, 2018 წლის შემდეგ საქართველოს გავლით შუა დერეფნის ტვირთბრუნვა გაორმაგდა და 2022 წელს პიკზე 5 მილიონ ტონას მიაღწია, თუმცა 2025 წელს 4.6 მილიონ ტონამდე შემცირდა - წლიურად 5.2%-ით. კლების მთავარი მიზეზი ევროკავშირსა და აზერბაიჯანს, ასევე ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის გადაზიდვების შემცირება იყო, შესაბამისად - 41.2% და 13.2%.

კვლევის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს გავლით ტვირთებს კლება განპირობებული იყოს ვაჭრობის არხების რელოკაციით ევრაზიული დერეფნებისკენ. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ 2025 წელს ტვირთბრუნვა თურქეთი- ცენტრალური აზიის და თურქეთი-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ მარშრუტებზე, არა საქართველოს გავლით, გაიზარდა 20.7%-ით და 4.1%-ით წლიურად.

ამ ფონზე, შუა დერეფანი უფრო რეგიონულ სახეს იძენს, ვიდრე საერთაშორისოს. მონაცემები მოწმობს, რომ მას ძირითადად რეგიონის ქვეყნები იყენებენ ერთმანეთთან ვაჭრობის მიზნით, ვიდრე მაგალითად მოშორებით მდებარე ჩინეთი ევროპასთან დასაკავშირებლად.