LIVE

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ

30 ნოე 202318:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 415
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ.

ისინი ბანკის საბჭოს 2021 წელს შეუერთდნენ, როცა საქართველოს პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი 7 წლის ვადით დაუჭირა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ეკონომიკური ანალიზისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებას უძღვებოდა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში. მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ბანკის კომუნიკაციების დეპარტამენტის თანახმად, ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს ეროვნულ ბანკთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სებ-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისში. 

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს. საბჭოს წევრებს კი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭო 6 წევრისგან შედგება. 

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავას მიერ სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ, ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეიტანა.  

ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. თანამდებობები დატოვეს ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა და სებ-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ქუსიკაშვილმა.