LIVE

ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, სებ-მა სანქციების შესრულების წესი შეცვალა

19 სექ 202321:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 627
ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, სებ-მა სანქციების შესრულების წესი შეცვალა

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამის ცვლილებას ხელი უკვე მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება. ასევე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

"როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.

ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული  ბანკი  ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ",- აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.