LIVE

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს

20 სექ 202312:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს

პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სახელზე დაწერილი განცხადება მან Facebook-ში გამოაქვეყნა. 

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ა/წ 21 ნოემბრიდან", - ნათქვამია განცხადებაში. 

პაპუნა ლეჟავას განცხადებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბრიფინგზე გამოეხმაურა.

"პაპუნა ლეჟავამ მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება გადადგომაზე. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ კარგი პროფესიონალი არის, მუშაობდა ამდენი წელი ეროვნულ ბანკში. მე იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება სხვადასხვა პიროვნებას, კოლეგას თუ ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი და შეუქცევადი", - განაცხადა თურნავამ. 

თურნავას თქმით, მისთვის უცნობია, მიიღებენ თუ არა მსგავს გადაწყვეტილებას საბჭოს სხვა წევრები. 

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. 

აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა