საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა - 8.25%-ზე, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში საშუალო ინფლაცია 5.6%-იყო, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფის გასაშუალოებული ინფლაცა 15%-ს აჭარბებდა, გაძვირებული საწვავის ფონზე.
ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ივლისის 8%-იან ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს, რისი მთავარი დრაივერი კვლავ ყულევში ბლექ სი პეტროლიუმის მიერ გადამუშავებული რუსული ნავთობი იყო, რომელზე უარის თქმისთვის ევროკავშირმა კომპანიას ვადა უკვე განუსაზღვრა.
რაც შეეხება სცენარებს, ეროვნული ბანკის მაღალინფლაციური რისკის სცენარი ითვალისწინებს, რომ გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდება, გაუარესებული კლიმატური პირობებით გამოწვეულ საერთაშორისო სასურსათო ფასების ზრდასთან ერთად, ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორე რაუნდის ეფექტებს გააძლიერებს. შედეგად, ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალი და ფართომასშტაბიანი იქნება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს. აქ ეროვნულ ბანკს, როგორც ჩანს, კვლავ ყულევის და ბლექ სი პეტროლიუმის მიერ გაყიდული ნავთობის იმედი აქვს, რამდენადაც წერს, რომ "ბოლო წლებში ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შედეგად იზრდება შედარებით მაღალპროდუქტიული და ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორების წვლილი, რაც, ერთი მხრივ, ქვეყნის წარმოების პოტენციალს ზრდის, ხოლო, მეორე მხრივ, საგარეო პოზიციას აუმჯობესებს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფუნდამენტური ცვლილებები საშუალოვადიან პერიოდშიც გაგრძელდება, გაზრდილი წარმოების პოტენციალი მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ინფლაციას შეარბილებს."
მარეგულირებელი ასევე დასძენს, რომ გაუმჯობესებული საგარეო პოზიცია და დაბალი სუვერენული რისკის პრემია გაცვლითი კურსის ფუნდამენტურ გამყარებას შეუწყობს ხელს, რაც დამატებით დისინფლაციურ გავლენას მოახდენს.
მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამყარდა, ნავთობის საქართველოდან ექსპორტის და სხვა არაერთი ფაქტორის გამო ქვეყანაში ჭარბად შემოსული ვალუტის დამსახურებით, ფაქტია, რომ ამას დისინფლაციური ეფექტი არ ჰქონია და ფასების ზრდის დონე კვლავ მაღალია - განსაკუთრებით, სურსათზე და საწვავზე. მათ შორის დაჩქარებულია ადგილობრივი ნაწარმის ინფლაცია, რაზეც ასევე მოქმედებს ქვეყნის შიგნით გაზრდილი კომუნალური გადასახადები.