LIVE

ნათია თურნავას 3 ახალი მრჩეველი ჰყავს

06 ნოე 202313:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 394
ნათია თურნავას 3 ახალი მრჩეველი ჰყავს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სებ-ის გუნდს მაღალი დონის საერთაშორისო კონსულტანტები შეუერთდნენ, რომლებიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლებად იმუშავებენ.

მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ახალი კადრების აყვანა ფინანსური ბაზრების განვითარების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისა და სხვადასხვა მიმართულებებით საქმიანობის გაძლიერების მიზნით მოხდა.

უცხოელი ექსპერტები - დუგლას ლაქსტონი, დევიდ ვავრა და მარსიალ ნიკოლა სმეტი ეროვნული ბანკს კონსულტაციებს გაუწევენ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური ბაზრების განვითარება, ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანს წარსულშიც აქვს ეროვნულ ბანკთან სხვადასხვა პროექტების განვითარების კუთხით მუშაობის გამოცდილება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ უცხოელი კონსულტანტების კომპეტენცია და მრავალწლიანი გამოცდილება, კიდევ უფრო გააძლიერებს ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდს.

„სამივე მათგანი მაღალი რანგის საერთაშორისო დონის ექსპერტია. დარწმუნებული ვარ, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნული ბანკის საქმიანობასა და მიმდინარე და მომავალი პროექტების განხორციელებაში. კონსულტანტების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას და დავნერგავთ მაღალ სტანდარტებს. მჯერა, რომ მათი კომპეტენცია ბანკის საქმიანობას საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტი დუგლას ლაქსტონი გასულ წლებში საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და კანადის ცენტრალურ ბანკში. ლაქსტონი მაკროეკონომიკის, მონეტარული პოლიტიკის, ფისკალური პოლიტიკის და ინფლაციის თარგეთირების მიმართულებით მუშაობს. წარსულში ლაქსტონის აქტიური ჩართულობითა და კონსულტაციების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა (FPAS) შეიმუშავა.

დევიდ ვავრა მსოფლიო დონის ეკონომისტია, რომელიც ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკში ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით იმუშავებს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ჩეხეთის, უკრაინისა და სერბეთის ცენტრალურ ბანკებში, იყო ჩეხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების საკითხებში. დევიდ ვავრას ეროვნულ ბანკში მუშაობის გამოცდილება წარსულშიც აქვს. თავის დროზე ის მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების დახვეწის პროექტზე მუშაობდა, რომელიც სსფ-ისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

მარსიალ ნიკოლა სმეტი 27-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების ბიზნეს კომიტეტის თავმჯდომარე UniCreditGroup-ში. 2022 წლიდან დღემდე სმეტი საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების ჩარჩო-დოკუმენტზე მუშაობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. მარსიალ ნიკოლა სმეტი ეროვნულ ბანკს კონსულტაციებს გაუწევს სანქციების აღსრულებისა და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავას მიერ სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ, ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეიტანა. 

ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. თანამდებობები დატოვეს ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა და სებ-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ქუსიკაშვილმა.