აგვისტოში დედაქალაქში 3,388 ბინა გაიყიდა, წლიურად თითქმის 19 პროცენტით მეტი, თუმცა წინა თვესთან შედარებით, გაყიდვები შემცირებულია 24 პროცენტით, ანუ აგვისტოში ივლისთან შედარებით თითქმის 1100 ბინით ნაკლები გაიყიდა.
აგვისტოს გაყიდვების მაჩვენებელი, რეალურად, მიმდინარე წლის მინიმუმია, თუ არ ჩავთვლით იანვარს. ბოლოს ამაზე დაბალი გაყიდვების მაჩვენებელი სწორედ იანვარში დაფიქსირდა, როცა 2875 ბინა გაიყიდა, მას შემდეგ არც ერთ თვეს გაყიდვები 3600-ს ქვევით არ ჩამოსცდენია, ვიდრე აგვისტომდე.
ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს Colliers-ის მონაცემები. წინა თვესთან შედარებით, შემცირებულია ბაზრის ზომაც, 393,5 მილიონი დოლარიდან 297 მილიონ დოლარამდე და ესეც, იანვრის შემდეგ წლის მინიმალური ნიშნულია. წელს არც ერთ სხვა თვეში ბაზრის ზომა 300 მილიონს ქვევით არ ჩამოსულა.
ქოლიერსის მიერ განახლებული სტატისტიკა იმასაც აჩვენებს, რომ თბილისის ახალ პროექტებში გაყიდვები წლიურად 24 პროცენტით გაიზარდა და ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზარზე. გაყიდვები დაახლოებით 4 პროცენტით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. ორივე შემთხვევაში, ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, თუმცა უცხოეთის მოქალაქეების წილი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით გაიზარდა და 14%-მდეა.
რაც შეეხება ფასს, ის გაყიდვებისგან განსხვავებით ყოველთვიურად იზრდება - აგვისტოს თვემ ახალაშენებულ ბინებზე საშუალო ფასის წლიურად 10 ნახევარ პროცენტიანი ზრდა აჩვენა. თუმცა გარეუბნებში ფასის ზრდა 16%-ია, ხოლო ქალაქის ცენტრში თითმის 17 პროცენტი. ძველი ბინების ფასმაც ქალაქის მასშტაბით 10.5%-ით მოიმატა.
საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე, საშუალო ფასი გასაყიდ ბინებზე თბილისში კვადრატულ მეტრზე 100 დოლარზე მეტით არის გაზრდილი.