მეტა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პერსონალური ასისტენტისთვის, Muse-სთვის, ადამიანი კონსიერჟის სერვისს ტესტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური ადამიანები იქნებიან დაქირავებული, რათა ხელოვნური ინელექტის აგენტის მიერ განხორციელებული ზოგიერთი სატელეფონო ზარი დაამუშავონ.
Facebook-ის და Instagram-ის დედა კომპანიამ ამ ტესტირების შესახებ თანამშრომლებს გასულ კვირას აცნობა, მას შემდეგ, რაც საჯაროდ განაცხადა Muse-ის ახალ შესაძლებლობაზე - განახორციელოს სატელეფონო ზარები.
ხელოვნური ინტელექტის აგენტი Muse შემუშავებულია იმგვარად, რომ მფლობელის დავალებით, დამოუკიდებლად განახორციელოს რიგი ქმედებები იქნება ეს იმეილის გაგზავნა, შოპინგი თუ მოგზაურობის დაგეგმვა.
უშუალოდ ტელეფონზე დარეკვის ფუნქცია Muse-ის მფლობელს საშუალებას აძლევს, აგენტს უბრძანოს, რომ მან მოიძიოს და დარეკოს მაგალითად სილამაზის სალონში პროცედურის დასაჯავშნად, ან მაღაზიაში დარეკოს და გაარკვიოს აქვთ თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში.
მას შემდეგ, რაც მეტამ თანამშრომლებს უთხრა, რომ ამ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტის აგენტი ადამიანების ჩართულობით გააკეთებს, გაჩნდა შეშფოთება პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ რისკებზე. თანამშრომლები შიშობენ, რომ ის, რასაც მეპატრონეები ხელოვნურ ინტელექტს ეტყვიან საბოლოოდ ქოლცენტრში დასაქმებული ადამიანის ხელში მოხვდება და ეს, შესაძლოა, სენსიტიური ინფორმაცია იყოს - მის ჯანმრთელობასთან ან პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული.
ამ რისკის ალბათობა თავად მეტამაც აღიარა და განაცხადა რომ არასწორი იყო ნაბიჯი იყო კონტრაქტორი ქოლცენტრების ჩართულობით ტესტირების დაწყება წინასწარ შესაბამისი გაფრთხილების გარეშე, ამიტომ დროებით შეაჩერა პროცესი, თუმცა კომპანია თვლის, რომ ადამიანების ჩართულობით ხელოვნური ინტელექტის მიერ განხორციელებული ზარების ეფექტურობა 98 პროცენტს მიაღწევს.
საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი თიშავს ზარს, როგორც კი ხვდება, რომ მეორე მხარეს ხელოვნური ინტელექტი ლაპარაკობს. სწორედ ეს იქცა მეტასთვის ინსპირაციის წყაროდ, ტესტირების პროცესში Muse-ისთვის ადამიანები დაემატებინა, როგორც ერთგვარი კონსიერჟი და დაზღვევა იმ შემთხვევებისთვის, როცა ხელოვნური ინტელექტი მიცემულ დავალებას ვერ ასრულებს.