LIVE

8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა - საქსტატი

29 სექ 202311:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 571

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა 7% იყო.

აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის პირველ 8 თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 14.4%-ით, ხოლო იმპორტი - 17.8%-ით.

მხოლოდ აგვისტოში საქართველოში, 6 072 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.6%-ით შემცირდა.   

აგვისტოში, წლიურად 4.2%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მლრდ 415 მლნ ლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. 

სექტემბერში მთავრობამ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე გაზარდა. აგვისტოში კი პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. სებ-ი ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-მდე გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალოდ 6%-ით ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზრდება. 6%-იან ზრდას ელის აზიის განვითარების ბანკი (ADB). ასევე 6%-მდე გაზარდა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD).