LIVE

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

24 სექ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 588
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. აქამდე ბანკი 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

როგორც ADB-ში აღნიშნავენ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილმა შემოდინებამ და უმუშევრობის შემცირებამ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის აღმასვლას.

ამასთან, ბანკში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2024 წელს 5%-ზე შენარჩუნდება ქვეყნის ეკონომიკაში ზრდის პოტენციალის დაბრუნებისა და შენელებული გლობალური ექსპანსიის ფონზე. 

“იმედისმომცემი ეკონომიკური ზრდა და მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა განუხრელად მიიწევს წინ გასული წლების კოვიდ-19-ის პანდემიისა და გეოპოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული დაბრკოლებების გადასალახად,“- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კამელ ბუმადმა.

რაც შეეხება ფასების დონეს, ბანკის განახლებული შეფასებით, ინფლაციის კლება 2023 წელს 3%-მდეა მოსალოდნელი, აპრილში ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად, რაც შედარებით სტაბილურმა ლარმა და ძლიერმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა. 

ბანკი ყურადღებას ამახვილებს ფულად გზავნილებზე, რომლის ძირითადი წყაროც რუსეთის ფედერაციაა.

"მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მკვეთრად შემცირდა 2022 წელს მშპ-ს 13.5%-ის ექვივალენტიდან 2023 წელს 3.2%-მდე. ეს გამოიწვია მნიშვნელოვნად გაზრდილმა ფულადმა გადარიცხვებმა და ტურიზმიდან, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიდან მიღებულმა ჭარბმა შემოსავალმა. 2022 წელს უცხოეთიდან ფულადი გადარიცხვების  რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემდეგ, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ფულადი გადარიცხვების რაოდენობა წლიურად 27.5%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რომელთაგან თითქმის ნახევარი რუსეთის ფედერაციაზე მოდის",- აღნიშნულია ADB-ის შეფასებაში.