ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა, 2024 წლის კი შეამცირა.
ამ დრომდე ბანკი საქართველოში წელს 5%-იან, მომავალ წელს კი 5.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდა. განახლებული პროგნოზის თანახმად, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 6%-ს მიაღწევს, 2024 წელს კი 4.5%-მდე შემცირდება.
დოკუმენტის თანახმად, ძირითადი უარყოფითი რისკები გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. მეორე მხრივ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობამ შეიძლება ახალი იმპულსი მისცეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც ზრდის და ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას.
მთავრობამ საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე თვეში 5%-დან 6.5%-მდე გაზარდა.
ინფორმაციისთვის, საქსტატის, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 7.2% იყო.