
ჩამოშლილი კრიპტო ბირჟის FTX-ის ყოფილ ხელმძღვანელს წაუყენეს სისხლის სამართლის ოთხი ახალი ბრალდება, რითაც მას უკანონო პოლიტიკური შემოწირულებების გაღებასა და საბანკო თაღლითობის ჩადენაში ადანაშაულებენ.
39-გვერდიან დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ გამოაქვეყნა ბანკმენ-ფრიდმა „მცდარი და შეცდომაში შემყვანი ტვიტების სერია“ მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის ბირჟის ბალანსზე არსებული ხვრელის შესახებ გამოცხადდა.
მასში ასევე ნათქვამია, რომ ბანკმენ-ფრიდი ცდილობდა, კამპანიებისთვის ათობით მილიონი დოლარის შემოწირულებით, გავლენა მოეხდინა აშშ-ის ორივე ძირითადი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკოსებზე.
შედეგად, სემ ბანკმენ-ფრიდს ახლა სულ სისხლის სამართლის 12 ბრალდება ემუქრება.
ბანკმენ-ფრიდი, რომელსაც აქამდე ბრალი ედებოდა FTX-ის მომხმარებლებისგან მილიარდობით დოლარის მოპარვაში, რათა მისი კრიპტოზე ფოკუსირებული ჰეჯ-ფონდის ვალები დაეფარა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი სასამართლო პროცესი 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 100 წელზე მეტი პატიმრობა ემუქრება.
ბაჰამის პოლიციამ ჩამოშლილი კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი სემ ბანკმენ-ფრიდი დეკემბერში დააკავა. მოგვიანებით ის $250 მილიონის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ FTX-მა გაკოტრების შესახებ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა. FTX-ის კოლაფსის შედეგად, მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდი გაქრა.
FTX-ს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია. მოგვიანებით, 8 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ Binance-მა გარიგებაზე უარი თქვა და საკუთარ პლატფორმაზე FTX-ის FTT ტოკენის დეპოზიტების მიღება შეწყვიტა.
"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კონკურენტი FTX-ის კოლაფსში დამნაშავედ, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ FTX-ის დამფუძნებელმა სემ ბანკმენ-ფრიდმა დიდი თაღლითობა განახორციელა და მარეგულირებლები და ბევრი ადამიანი მოატყუა. მისი თქმით, FTX-ის კოლაფსი Binance-ს არ გამოუწვევია.