LIVE

FTX-ის დამფუძნებელი სემ ბანკმენ-ფრიდი დააკავეს

13 დეკ 202209:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1132
FTX-ის დამფუძნებელი სემ ბანკმენ-ფრიდი დააკავეს

ბაჰამის პოლიციამ ჩამოშლილი კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი სემ ბანკმენ-ფრიდი დააკავა. 

ოფიციალური ინფორმაციით, ბანკმენ-ფრიდი ფინანსური დანაშაულებისთვის არის დაკავებული. ბაჰამის კუნძულების სასამართლოს წინაშე ის სამშაბათს წარდგება. 

„ამ საღამოს ბაჰამის ოფიციალურმა უწყებებმა, აშშ-ის მოთხოვნით, SDNY-ის [ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის] მიერ წარდგენილ საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით, დააკავეს სამუელ ბანკმენ-ფრიდი“, - წერს აშშ-ის პროკურატურა Twitter-ზე. 

უოლ სტრიტის მარეგულირებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი მიიღებენ ზომებს ბანკმენ-ფრიდის წინააღმდეგ. 

ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ FTX-მა გაკოტრების შესახებ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა. კრიპტო ბირჟა FTX-ის კოლაფსის შედეგად, მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდი გაქრა.

FTX-ს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია.  

მოგვიანებით, 8 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ Binance-მა გარიგებაზე უარი თქვა და საკუთარ პლატფორმაზე FTX-ის FTT ტოკენის დეპოზიტების მიღება შეწყვიტა.    

"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კონკურენტი FTX-ის კოლაფსში დამნაშავედ, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ FTX-ის დამფუძნებელმა სემ ბანკმენ-ფრიდმა დიდი თაღლითობა განახორციელა და მარეგულირებლები და ბევრი ადამიანი მოატყუა. მისი თქმით, FTX-ის კოლაფსი Binance-ს არ გამოუწვევია.