LIVE

Binance წყვეტს FTX-ის FTT ტოკენის დეპოზიტების მიღებას

13 ნოე 202217:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 497
Binance წყვეტს FTX-ის FTT ტოკენის დეპოზიტების მიღებას

კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა Binance საკუთარ პლატფორმაზე FTX-ის FTT ტოკენის დეპოზიტების მიღებას წყვეტს. Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო კონკურენტ ბირჟებს იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.  

"Binance-მა შეაჩერა FTT ტოკენის დეპოზიტის მიღება, რათა თავიდან აიცილოს საეჭვო დამატებითი მიწოდების შესაძლებლობა, რომელიც ბაზარზე გავლენას მოახდენს. სიტუაციას დავაკვირდებით", - წერს ჩანგპენგ ჟაო. 

FTX-მა გაკოტრების შესახებ პარასკევს განაცხადა, თუმცა განსაკუთრებული ქაოსი ბირჟიდან "საეჭვო გარემოებებში" მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდის გაქრობამ გამოიწვია.

გუშინ Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბირჟის დამფუძნებელმა, სემ ბანკმენ-ფრიდმა ფარულად გადარიცხა კლიენტების კუთვნილი $10 მილიარდი FTX-დან Bankman-Fried-ის კომპანია Alameda Research-ში, რის შემდეგაც ამ თანხის დიდი ნაწილი დაიკარგა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, დაკარგული თანხა დაახლოებით $1.7 მილიარდია, მეორემ კი თქვა, რომ სხვაობა $1-დან $2 მილიარდამდე იყო. 

FTX ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ "დაუზუსტებელი განცხადებების" გამო, მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. FTX-ის ლიკვიდურობის პრობლემა დიდი ოდენობით თანხის გატანამ შეუქმნა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია. 

მოგვიანებით, 8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ Binance-მა გარიგებაზე უარი თქვა