უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance კონკურენტი FTX-ის შეძენას აღარ აპირებს.
Binance-ის განცხადებით, სათანადო ექსპერტიზის შემდეგ, გარიგებას აღარ გააგრძელებს. მის გადაწყვეტილებაზე გავლენა "მომხმარებელთა სახსრების არასწორად დამუშავებისა და აშშ-ის სააგენტოს სავარაუდო გამოძიების" შესახებ ცნობებმა მოახდინა.
FTX-ის ლიკვიდურობის პრობლემა დიდი ოდენობით თანხის გატანამ შეუქმნა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია.
Reuters-ის თანახმად, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) FTX-ის მიერ კლიენტების სახსრების მართვას და მის კრიპტო-სესხების საქმიანობას იძიებს. მარეგულირებელი იკვლევს, იცავდა თუ არა პლატფორმა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონებს.
8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობს, რათა კრიპტოვალუტის ბირჟაზე "ლიკვიდურობის კრიზისი" დაძლიოს.