ნოემბერში საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) საშუალო დღიურმა სავაჭრო ბრუნვამ 8 ლარი შეადგინა. გასულ თვეში ბირჟაზე 1 გარიგება დაიდო, რომლის ღირებულება 166 ლარი და 66 თეთრი იყო. ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციის ემიტენტი „ლიბერთი ბანკია“.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა 14 ლარი იყო, სექტემბერში - 43 ლარი, აგვისტოში -12 ლარი, ივლისსა და ივნისში კი - 0 ლარი. მაისში ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა და საშუალო დღიური სავაჭრო ბრუნვა 159 ლარი იყო. იანვარ-ნოემბერში კი საფონდო ბირჟაზე სულ 28 გარიგება დაიდო. აქედან ლარში 13 გარიგება, რომელთა ჯამური ღირებულება ₾7 098 იყო, დოლარში კი - 15 (ჯამური ღირებულება $2.4 მლნ).
საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია.
2022 წლის 2 მაისის მდგომარეობით, საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.748 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2022 წლის აპრილში - 21 ლარი.