საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 8.25 პროცენტზე, უცვლელად შეინარჩუნა.
მიუხედავად იმისა, რომ მაისში წლიური ინფლაცია 5.7 პროცენტი იყო და ზოგადად, უკვე ერთი წელია დაჩქარებულია, მარეგულირებელი მაინც თვლის, რომ ინფლაციის ზრდა ნავთობის გაძვირებამ გამოიწვია, რაც ძირითადად საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნავთობის გაძვირების გარდა, საქართველოშიც გაძვირდა ელექტრო ენერგია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესისთვის.
ამასთან, ეროვნული ბანკი აღიარებს, რომ საბაზო (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) და მომსახურების ინფლაციის დაჩქარება საყურადღებოა. მაისში პირველი 3.5 პროცენტი იყო, ხოლო მეორე - 3.8 პროცენტი, შესაბამისად.
მაინც, ეროვნული ბანკი იმედიანადაა იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ გაზრდილი ოპტიმიზმის ფონზე, ნავთობის საერთაშორისო ფასები პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა.
"აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან თანხვედრაშია. კერძოდ, ცენტრალური სცენარი მოიაზრებდა, რომ ინფლაციაზე საგარეო შოკით გამოწვეული ზეწოლა ყველაზე ძლიერი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იქნებოდა, რის შემდეგაც მისი გავლენა ეტაპობრივად შესუსტდებოდა. შესაბამისად, ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირების ტენდენციას გააგრძელებს და 2026 წელს საშუალოდ 4.9 პროცენტი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს," აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
გარდა ამისა, მარეგულირებელი ამბობს, რომ ეკონომიკური აქტივობა კვლავ ძლიერია და განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ მაღალპროდუქტიულ სექტორებს შეაქვთ, რაც მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ნაწილობრივ აბალანსებს.
ამ ფონზე, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ თუ გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გამოწვეული ინფლაციური შოკები კიდევ უფრო გახანგრძლივდება და/ან მათი მასშტაბი მეორე რაუნდის ეფექტების რისკებს გააძლიერებს, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზომიერ ზრდას გააგრძელებს.