LIVE

0 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა ბოლო 2 თვეში

01 აგვ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 753
0 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა ბოლო 2 თვეში

საქართველოს საფონდო ბირჟამ (სსბ) ივლისი, ივნისის მსგავსად, გარიგების გარეშე დახურა. შესაბამისად, ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა გასულ თვეშიც 0 ლარი იყო.

რაც შეეხება გასული თვეების მონაცემებს, მაისში ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა და დღიური საშუალო ბრუნვა 159 ლარს შეადგენდა. იანვარ-ივლისში საფონდო ბირჟაზე სულ 23 გარიგება შედგა. აქედან ლარში 8 გარიგება, რომელთა ჯამური ღირებულება ₾5 416 იყო, დოლარში კი - 15 (ჯამური ღირებულება $2.4 მლნ).

იანვარ-ივლისში ლარში განხორციელებული ტრანზაქციის ემიტენტები „ლიბერთი“ და „საქართველოს ბანკი“ იყვნენ. დოლარში ტრანზაქციის ემიტენტები კი „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“. იანვარ-ივლისში, ევროში ტრანზაქცია არ განხორციელებულა.

რაც შეეხება 2021 წლის შედეგებს, თებერვლიდან აგვისტომდე ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა. გასულ წელს 14 ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ 104 078 ლარი შეადგინა. ემიტენტები „ლიბერთი“ და „გრინ დაზღვევა საქართველო“ იყვნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია. 

2022 წლის 2 მაისის მდგომარეობით, საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.748 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2022 წლის აპრილში - 21 ლარი.