LIVE

სექტემბერში საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა ₾43 იყო

01 ოქტ 202210:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
სექტემბერში საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა ₾43 იყო

სექტემბერში საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) საშუალო დღიურმა სავაჭრო ბრუნვამ 43 ლარი შეადგინა. გასულ თვეში ბირჟაზე სულ 2 გარიგება დაიდო, რომელთა ღირებულებაც 994 ლარია. ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ორივე ტრანზაქციის ემიტენტი „ლიბერთი ბანკია“. 

აღსანიშნავია, რომ 43 ლარიანი ბრუნვა გაუმჯობესებული შედეგია, რადგან აგვისტო საფონდო ბირჟამ 12 ლარიანი საშუალო დღიური ბრუნვით დახურა. ივნისს და ივლისში კი ეს მაჩვენებელი 0 ლარი იყო.

მაისში ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა და დღიური საშუალო ბრუნვა 159 ლარი იყო. იანვარ-სექტემბერში კი საფონდო ბირჟაზე სულ 26 გარიგება დაიდო. აქედან ლარში 11 გარიგება, რომელთა ჯამური ღირებულება ₾6 646 იყო, დოლარში კი - 15 (ჯამური ღირებულება $2.4 მლნ).

იანვარ-სექტემბერში ლარში განხორციელებული ტრანზაქციის ემიტენტები „ლიბერთი“ და „საქართველოს ბანკი“ იყვნენ. დოლარში ტრანზაქციის ემიტენტები კი „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“. იანვარ-სექტემბერში, ევროში ტრანზაქცია არ განხორციელებულა. 

რაც შეეხება 2021 წლის შედეგებს, თებერვლიდან აგვისტომდე ბირჟაზე არცერთი გარიგება არ დადებულა. გასულ წელს 14 ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ 104 078 ლარი შეადგინა. ემიტენტები „ლიბერთი“ და „გრინ დაზღვევა საქართველო“ იყვნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია. 

2022 წლის 2 მაისის მდგომარეობით, საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.748 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2022 წლის აპრილში - 21 ლარი.