LIVE

AI შოპინგს Visa ბარათით შეძლებს - Visa-ს გადახდები ChatGPT-სთან ინტეგრირდება

16 ივნ 202615:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 54
AI შოპინგს Visa ბარათით შეძლებს - Visa-ს გადახდები ChatGPT-სთან ინტეგრირდება

Visa სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს OpenAI-ისთან, რის შედეგადაც OpenAI-ის პლატფორმებზე გადახდების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განხორციელება გახდება შესაძლებელი. კომპანიებმა ამის შესახებ სან-ფრანცისკოში, Visa-ს გადახდების ფორუმზე განაცხადეს. 

ორი კომპანიის პარტნიორობა და ChatGPT-სთან Visa-ს გადახდების ინტეგრირება იმას ნიშნავს, რომ ყალიბდება კომერციის ახალი სახე - აგენტური კომერცია, სადაც ადამიანის დავალებით ხელოვნური ინტელექტი ყიდულობს საჭირო ნივთებს თუ პროდუქტებს და ტრანზაქციებსაც დამოუკიდებლად ახორციელებს ბარათის მფლობელის სახელით.

მას შემდეგ, რაც Visa-ს გადახდების ეკოსისტემა ინტეგრირდება OpenAI-ის პლატფორმებთან, დეველოპერები და მერჩანტები შეძლებენ უფრო მარტივად მიიღონ ხელოვნური ინტელექტის მიერ ინიცირებული Visa-ს გადახდები. Visa აცხადებს, რომ OpenAI-სთან ერთად უზრუნველყოფს საბაზისო ქსელს, ასევე ტოკენიზაციას და რისკების მართვას, რაც სანდო და უსაფრთხო ტრანზაქციების წინაპირობა იქნება. 

გარდა ამისა, კომპანია აცხადებს, რომ ტრანზაქციების განხორციელებისას მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მომხმარებელთა მიერ გაცემული უფლებამოსილების საზღვრები, პოლიტიკა და უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა ხარჯვის ლიმიტი, სავაჭრო კატეგორიები ან სავალდებულო დამოწმებები.

"ტრანზაქციებისას გამოიყენება ტოკენიზებული Visa-ს მონაცემები, ასევე რეალურ დროში ავტორიზაცია და თაღლითობის მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს ახალი, ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული გადახდების უსაფრთხოებასა და მომხმარებელთა დაცვას," აცხადებს Visa. 

„ხელოვნური ინტელექტი იმაზე სიღრმისეულად გარდაქმნის კომერციას, ვიდრე ეს ინტერნეტმა ან მობილურმა ტექნოლოგიამ შეძლო. მაშინ, როცა AI-აგენტები ეკონომიკის აქტიური მონაწილეები ხდებიან, Visa-ს მიზანი სანდო, უსაფრთხო და შეუფერხებელი ტრანზაქციების უზრუნველყოფა არის. OpenAI-ის მსგავს პარტნიორებთან ჩვენ სწორედ ამგვარ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ," ამბობს Visa-ს პროდუქტისა და სტრატეგიის განყოფილების მმართველი, ჯეკ ფორესტელი.

თანამშრომლობა უფრო მასშტაბური ინიციატივის, Visa Intelligent Commerce-ის ნაწილია, რომელიც ახალ ციფრულ გარემოში უსაფრთხო გადახდების შესაძლებლობათა გაფართოებას ისახავს მიზნად.

ამასთან, Visa და OpenAI ერთობლივად შეისწავლიან ბიზნესში ინოვაციური ტექნოლოგიის პრაქტიკულად გამოყენების სხვადასხვა გზას, მათ შორის Codex-ის მხარდაჭერით შექმნილ დეველოპერულ ინსტრუმენტებს და, ასევე, მეტად ავტომატიზებულ და საუბარზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესს, მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტი ციფრული ინტერაქციების სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.