LIVE

0 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა ივნისში

01 ივლ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1214
0 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა ივნისში

საქართველოს საფონდო ბირჟამ (სსბ) ივნისი გარიგების გარეშე დახურა. შესაბამისად, გასულ თვეში ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა 0 ლარი იყო.

რაც შეეხება გასული თვეების მონაცემებს, მაისში ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა და დღიური საშუალო ბრუნვა 159 ლარი იყო. იანვარ-ივნისში საფონდო ბირჟაზე სულ 23 გარიგება შედგა. აქედან ლარში 8 გარიგება, რომელთა ჯამური ღირებულება ₾5 416 იყო, დოლარში კი - 15 (ჯამური ღირებულება $2.4 მლნ).

იანვარ-ივნისში ლარში განხორციელებული ტრანზაქციის ემიტენტები „ლიბერთი“ და „საქართველოს ბანკი“ იყვნენ. დოლარში ტრანზაქციის ემიტენტები კი „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“. იანვარ-ივნისში, ევროში ტრანზაქცია არ განხორციელებულა.

რაც შეეხება 2021 წლის შედეგებს, თებერვლიდან აგვისტომდე ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა. გასულ წელს 14 ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ 104 078 ლარი შეადგინა. ემიტენტები „ლიბერთი“ და „გრინ დაზღვევა საქართველო“ იყვნენ. 

შეგახსენებთ, საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია.  

2022 წლის 2 მაისის მდგომარეობით, საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.748 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2022 წლის აპრილის თვეში - 21 ლარი.