LIVE

ეროვნული ბანკი: $100 მლნ ოქროს დამატების შემდეგ მისი წილი რეზერვებში 15.5%-ია

10 ივნ 202611:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 68
ეროვნული ბანკი: $100 მლნ ოქროს დამატების შემდეგ მისი წილი რეზერვებში 15.5%-ია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უმაღლესი სინჯის (999.9) LBMA სტანდარტის ოქროს ზოდები შეიძინა და აცხადებს, რომ შედეგად, მონეტარული ოქროს წილი საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში 15.5%-ს მიაღწევს.

ეროვნული ბანკის ცნობითვე, ამ დროისთვის სავალუტო რეზერვები 7 მლრდ აშშ დოლარია, შესაბამისად გამოდის, რომ ეროვნული ბანკის მიერ ამ დრომდე შესყიდული მონეტარული ოქროს ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს. 

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ოქროს წილის ზრდა რეზერვების მდგრადობას აუმჯობესებს და მათ ინფლაციური რისკებისაგან იცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი სარეზერვო ოქროს შესყიდვა ფასის აღმასვლის პირობებში დაიწყო, თავად თვლის "მოთხოვნა ნაკლებად არის ოქროს ფასზე დამოკიდებული."

ამ ფონზე, მიუხედავად იმისა რომ დღეის მდგომარეობით ოქროს ღირებულება 11-კვირიან მინიმუმზეა, უნციის ღირებულება მაინც დაახლოებით 4 190 დოლარია საერთო ჯამში, ბოლო ერთ წელში 30%-ზე მეტით არის გაძვირებული. 

ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო ოქროს შესყიდვა 2024 წლის აპრილში დაიწყო - როგორც თავად თქვა ნახევარი მილიარდი გადაიხადა 7 ტონაში, ანუ უნცია დაახლოებით 2221 დოლარად იყიდა. თუმცა მას შემდეგ ოქრო სტაბილურად ძვირდება და მიმდინარე წლის დასაწყისში 5000 დოლარიან ნიშნულსაც კი გასცდა, ხოლო მოგვიანებით შედარებით უკან დაიხია. ამ დროისთვის უნცია 4200 დოლარის ქვევით ივაჭრება.