თუ დავუშვებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი კრიზისი მალე დასრულდება, ეკონომიკა საქართველოში 6.5 პროცენტით გაიზრდება - აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც მომავალი წლიდან ზრდის 5%-მდე შენელებას ვარაუდობს.
მისივე პროგნოზით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2027 წლის შუამდე არ დაუბრუნდება. უფრო კონკრეტულად, IMF წელს წლის ბოლოსთვის ინფლაციას 5.4 პროცენტზე ელის, ხოლო მომავალი წლის ბოლოს 3 პროცენტზე.
შესაბამიასდ, სავალუტო ფონდი ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სათანადო ნაბიჯი იყო და ზოგადად, მისი რეკომენდაციაა, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ დონეზე უნდა შენარჩუნდეს და მაქსიმალურად გაითვალისწინოს მიმდინარე სიტუაცია იმისთვის, რომ ინფლაციის ტემპი შენელდეს.
რაც შეეხება რეკომენდაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, აღნიშნულია, რომ აუცილებელია საგასახადო ხარჯების ოპტიმიზაცია, ბუნებრივი რესურსების დაბეგვრის გაძლიერება და ასევე, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება იმგვარად, რომ გაუმჯობესდეს ხარჯვის ეფექტურობა.
სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა ისიც, რომ თუ დაღმავალი რისკები რეალიზდება, სახელმწიფომ მიზნობრივი დახმარება უნდა გაუწიოს ფინანსურად დაუცველ ჯგუფებს. ფონდი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დააჩქაროს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ფისკალური რისკების შესამცირებლად.
საბანკო სექტორთან დაკავშირებით კი ფონდი რისკებს დაკრედიტების დაჩქარებულ ზრდაში ხედავს, ასევე არაჰეჯირებულ მსესხებლებში და არასაბანკო ფინანსურ აქტივობებსა და ციფრულ აქტივებში. ამ უკანასკნელთან მიმართებაში ნათქვამია, რომ უნდა გაძლიერდეს ზედამხედველობა.