LIVE

ოქტომბერში საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა 14 ლარი იყო

02 ნოე 202216:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 817
ოქტომბერში საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა 14 ლარი იყო

ოქტომბერში საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) საშუალო დღიურმა სავაჭრო ბრუნვამ 14 ლარი შეადგინა. გასულ თვეში ბირჟაზე 1 გარიგება დაიდო, რომლის ღირებულება 286 ლარი იყო. ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციის ემიტენტი „ლიბერთი ბანკია“.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ბირჟამ ოდნავ უკეთესი შედეგი აჩვენა და თვე 43 ლარიანი საშუალო დღიური ბრუნვით დახურა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 12 ლარს შეადგენდა. ივნისს და ივლისში კი საშუალო დღიური ბრუნვა 0 ლარი იყო.

მაისში ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა და საშუალო დღიური ბრუნვა 159 ლარი იყო. იანვარ-ოქტომბერში კი საფონდო ბირჟაზე სულ 27 გარიგება დაიდო. აქედან ლარში 12 გარიგება, რომელთა ჯამური ღირებულება ₾6 932 იყო, დოლარში კი - 15 (ჯამური ღირებულება $2.4 მლნ).

იანვარ-ოქტომბერში ლარში განხორციელებული ტრანზაქციის ემიტენტები „ლიბერთი“ და „საქართველოს ბანკი“ იყვნენ. დოლარში ტრანზაქციის ემიტენტები კი „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“. იანვარ-ოქტომბერში, ევროში ტრანზაქცია არ განხორციელებულა.

რაც შეეხება 2021 წლის შედეგებს, თებერვლიდან აგვისტომდე ბირჟაზე არცერთი გარიგება არ დადებულა. გასულ წელს 14 ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ 104 078 ლარი შეადგინა. ემიტენტები „ლიბერთი“ და „გრინ დაზღვევა საქართველო“ იყვნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია.

2022 წლის 2 მაისის მდგომარეობით, საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.748 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2022 წლის აპრილში - 21 ლარი.