LIVE

აგვისტოში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ერთი გარიგება შედგა

01 სექ 202211:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 774
აგვისტოში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ერთი გარიგება შედგა

აგვისტოში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (სსბ) ერთი გარიგება შედგა, რომლის ღირებულება 285.80 ლარი იყო. გასულ თვეში ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა 12.40 ლარს შეადგენდა. ლარში განხორციელებული ტრანზაქციის ემიტენტი „ლიბერთი ბანკია“.

რაც შეეხება გასული თვეების მონაცემებს, საფონდო ბირჟამ ივნისი და ივლისი გარიგების გარეშე დახურა. შესაბამისად, 2 თვეში ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა 0 ლარი იყო.

მაისში ბირჟაზე მხოლოდ ორი გარიგება შედგა და დღიური საშუალო ბრუნვა 159 ლარს შეადგენდა. იანვარ-აგვისტოში საფონდო ბირჟაზე სულ 24 გარიგება შედგა. აქედან ლარში 9 გარიგება, რომელთა ჯამური ღირებულება ₾5 702 იყო, დოლარში კი - 15 (ჯამური ღირებულება $2.4 მლნ).

იანვარ-აგვისტოში ლარში განხორციელებული ტრანზაქციის ემიტენტები „ლიბერთი“ და „საქართველოს ბანკი“ იყვნენ. დოლარში ტრანზაქციის ემიტენტები კი „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“. იანვარ-აგვისტოში, ევროში ტრანზაქცია არ განხორციელებულა.

რაც შეეხება 2021 წლის შედეგებს, თებერვლიდან აგვისტომდე ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა. გასულ წელს 14 ტრანზაქციის ჯამურმა ღირებულებამ 104 078 ლარი შეადგინა. ემიტენტები „ლიბერთი“ და „გრინ დაზღვევა საქართველო“ იყვნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს საფონდო ბირჟა 1999 წელს, USAID-ის ხელშეწყობით დაარსდა და საქართველოში ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია. 

2022 წლის 2 მაისის მდგომარეობით, საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 0.748 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2022 წლის აპრილში - 21 ლარი.