ირაკლი კობახიძის ინიციატივის და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე შექმნილი ვებ-გვერდი, ekalata.gov.ge რომელიც გადასახადის გადამხდელებს 53 ათასი ლარი დაუჯდათ, დღეიდან ამოქმედდა.
პორტალი ელექტრონული კალათის ფორმატში უყრის თავს სუპერმარკეტები ქსელების შეთავაზებებს და ფასდაკლებებს სლოგანით - იპოვეთ სასურველი სასურსათო პროდუქტი საქართველოს სუპერმარკეტებში საუკეთესო შემოთავაზებით ერთ ადგილას!
პორტალზე წარმოდგენილი არიან შემდეგი ქსელები: ორი ნაბიჯი, კალათა, აგროჰაბი, კარფური, ლიბრე, სპარი, დეილი, მაგნიტი, უნივერსამი, გუდვილი, ნიკორა, ზღაპარი.
პროდუქციის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- კვერცხი - 10 ცალის ფასი 3.65-დან იწყება
- შაქარი - საწისი ფასი ასაწონი პროდუქტისთვის კილოგრამზე 1.80 ლარია
- ბრინჯი - საწყისი ფასი 800 გრამზე 1.99 ლარი
- მაკარონი - საწყისი ფასი 400 გრამზე 0.99 ლარი
- ფქვილი - საწყისი ფასი ასაწონ პროდუქტისთვის კილოგრამზე 1.70 ლარი
- ქათმის ხორცი - შემოთავაზებაშია ძირითადად გაყინული, ყველაზე იაფი 4.5 ლარი ღირს და იმპორტირებული პროდუქტია
- რძე - საწყისი ფასი ლიტრზე 3.35 ლარი
- მაწონი - საწყისი ფასი 400 გრამზე 1.99 ლარი
- არაჟანი - საწყისი ფასი 400 გრამზე 3.49 ლარი
- კარაქი - საწყისი ფასი 200 გრამ პროდუქტზე 5.5 ლარი
- მზესუმზირის ზეთი - საწყისი ფასი 1 ლიტრზე 4.75 ლარი
- ხაჭო - საწყისი ფასი 180 გრამზე 2.79 ლარი
- წიწიბურა - საწყისი ფასი ასაწონი პროდუქტისთვის კილოგრამზე 1.35 ლარი
კონკურენციის სააგენტოს, რომელსაც დაევალა ამ ვებ-გვერდის შექმნა,მართვა და მონიტორინგი, მითითებული აქვს, რომ "პორტალის მიზანია, უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება და ხელი შეუწყოს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, რაც მას მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს, ამასთანავე მხარს დაუჭერს სექტორში კონკურენციის გაძლიერებას!"
პორტალზე ინფორმაცია განახლდება სუპერმარკეტების ქსელებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.