LIVE

მერია წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდიას აორმაგებს

17 ივნ 202615:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 89
მერია წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდიას აორმაგებს
თბილისის მერიას „სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები შეაქვს, რის შედეგადაც, შემოდგომის სემესტრიდან, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარიდან 1 000 ლარამდე გაიზრდება.
 
წელს, წლის დასაწყისში, დედაქალაქის მერიას 2.2 მილიარდი ლარის ბიუჯეტი დაუმტკიცდა, თუმცა იანვარში ეს ბიუჯეტი ჯერ 296 420 100 ლარით გაიზარდა, შემდეგ აპრილში - დამატებით კიდევ 84 849 000 ლარით საბოლოოდ, თბილისის წლევანდელი ბიუჯეტი 2 მილიარდ 591 მილიონ 827 ათასი ლარია.
 
კონკრეტულად რა დაჯდება ან საიდან დაფინანსდება წარმატებულ მაგისტრანტთა სტიპენდიის ზრდა, კახა კალაძეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე არ განუმარტავს. მას არც ის უთქვამს რა თანხაა გათვალისწინებული ახალი პროგრამისთვის -  „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“ - რომელმაც მკვლევარები უნდა დააფინანსოს.
 
დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების თანახმად, განათლებაზე დედაქალაქის მერიას  51 209 800 ლარი აქვს გათვალისწინებული, ანუ ჯამური თანხის დაახლოებით 2%. 
 
„პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება,“ განაცხადა მერმა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.