LIVE

ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა ნახევარი წლის განმავლობაში $1.4 ტრილიონით იზარალეს

02 ივლ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 875
ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა ნახევარი წლის განმავლობაში $1.4 ტრილიონით იზარალეს
Win McNamee/Getty Images

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 2022 წლის პირველ ნახევარში $1,4 ტრილიონი დაკარგა. ელონ მასკის ქონება თითქმის $62 მილიარდით, ჯეფ ბეზოსის დაახლოებით $63 მილიარდით, მარკ ცუკერბერგის წმინდა ქონება კი ნახევარზე მეტად შემცირდა. თავბრუდამხვევი კლება ისტორიაში მილიარდერების ქონების ყველაზე მასშტაბურ ვარდნას წარმოადგენს.

ეს არის მკვეთრი ცვლილება გასული ორი წლის შემდეგ, როდესაც პანდემიის პერიოდში, მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკის მხარდასაჭერად უპრეცედენტო მასშტაბის ზომების ფონზე, ულტრამდიდარი ადამიანების ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. 

ახლა, როდესაც პოლიტიკის შემქმნელები დაჩქარებულ ინფლაციას გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით ებრძვიან, აქციების ფასი ეცემა და მილიარდერები, რომლებიც ამ აქციებს ფლობენ, ქონებას დიდი სისწრაფით კარგავენ. 

ყველაზე ცუდი კვარტალი ჰქონდა Tesla-ს, Amazon.com-ის აქციების ფასი კი dot-com-ების "ბუშტის გახეთქვის" შემდეგ, ყველაზე მეტად შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ უმდიდრესი ადამიანების ქონება მცირდება, ეს მხოლოდ მცირე ნაბიჯია, გლობალურად სიმდიდრის უთანასწორობის შემცირებისკენ. ელონ მასკი, Tesla-ს თანადამფუძნებელი, კვლავ პლანეტის უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება $208,5 მილიარდს შეადგენს. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 129,6 მილიარდით მეორე ადგილს ჯეფ ბეზოსი, Amazon-ის დამფუძნებელი, იკავებს.

მესამე ადგილზეა ბერნარ არნო, საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონება $128,7 მილიარდს შეადგენს. მას $114,8 მილიარდით ბილ გეითსი მოსდევს.

ეს ის ოთხი ადამიანია, რომელთა ქონება $100 მილიარდს აღემატება. 2022 წლის დასაწყისში ამ კატეგორიაში 10 ადამიანი ხვდებოდა. მათ შორის იყო მარკ ცუკერბერგი, რომელიც ახლა $60 მილიარდით მე-17 ადგილზეა.

Bloomberg-ის მილიარდერების სიაში ერთადერთი ქართველი ბიძინა ივანიშვილია. $5.65 მილიარდით ის 419-ე ადგილს იკავებს. 2021 წლის 31 დეკემბერს მისი ქონება $6.05 მილიარდს შეადგენდა. 

Papamarkou Wellner Asset Management-ის პრეზიდენტის, თორნ პერკინის თქმით, მიუხედავად ქონების კლებისა, მილიარდერების კლასმა გასულ წლებში იმხელა სიმდიდრე დააგროვა, რომ ისინი არა მხოლოდ უძლებენ 1970 წლის შემდეგ ყველაზე ცუდ ექვს თვეს, არამედ დაინტერესებული არიან ახალი გარიგებებით. 

"ხშირად მათი აზრი საპირისპიროდ არის მიმართული. ბევრი ჩვენი კლიენტი ეძებს ახალ შესაძლებლობებს მაშინ, როდესაც ქუჩებში პრობლემებია", - თქვა პერკინმა. 

მიმდინარე წელს გაიზარდა რუსეთის უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმერ პოტანინის ქონება. მან ასევე იყიდა სანქცირებული რუსი მაგნატის ოლეგ ტინკოვის წილი ციფრულ ბანკში. 

ყველაზე გახმაურებული შესყიდვა ეკუთვნოდა ელონ მასკს, რომელმაც Twitter-ის შესაძენად $44-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწია. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა გასულ თვეში Bloomberg News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრანზაქციის დასრულებამდე "რამდენიმე გადაუჭრელი საკითხი" რჩება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჟოზეფინ უოკერი