LIVE

ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა - საქსტატი

03 ივნ 202211:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 1354

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა. უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის მთავარი კონტრიბუტორი კვლავ გაძვირებული სურსათია. კერძოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 22%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 51.1%;
  • პური და პურპროდუქტები - 34.5%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 23.5%
  • ხილი და ყურძენი - 23.3%;
  • თევზეული - 19.4%;
  • ზეთი და ცხიმი - 17.7%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 16.8%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 16%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 15.4%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.6%.

წლიურ ჭრილში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 25.2%, სატრანსპორტო მომსახურებაზე - 12.9% და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 3%.

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 28.2%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 13.6%, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 11.2%.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა საწვავის ფასების მკვეთრმა მატებამ მოახდინა. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოში ინფლაცია ერთნიშნა იქნებოდა და რეფინანსირების განაკვეთი არ გაიზრდებოდა.

მარეგულირებლის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და საშუალოდ 9.6%-ს გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.