LIVE

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

11 მაი 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1130

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. 

სებ-ის გადაწყვეტილების შედეგად, 191 400 მომხმარებელს სესხის პროცენტი არ შეეცვლება. პირველი აპრილის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე მნიშვნელოვანი წნეხი არ არის. სებ-ში აცხადებენ, რომ ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება.

„ბოლო პერიოდში ლარის გამყარებამ იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი. ამასთან, მართალია ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში გაიზარდა, ჯამურ პროდუქტიულობას აღდგენის დინამიკა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე მნიშვნელოვანი წნეხი არაა. მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა, წინა წლის ერთჯერადი ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, მას შემცირების მიმართულება ექნება“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება.

მარეგულირებლის თანახმად, მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზე ნარჩუნდება, მათ შორის ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ - უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზე.

ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკის 4.5%-იან ზრდას ელის. აღსანიშნავია, რომ სებ-მა აპრილში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა და აცხადებდა, რომ ზრდა 3-4%-ის ფარგლებში იქნებოდა.

შეგახსენებთ, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე 30 მარტს გაზარდა

უკვე 10 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. საქსტატის მონაცემებით, აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა