LIVE

რომ არა ომი, ინფლაცია ერთნიშნა იქნებოდა - გვენეტაძე

04 აპრ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 972
რომ არა ომი, ინფლაცია ერთნიშნა იქნებოდა - გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოში ინფლაცია ერთნიშნა იქნებოდა.

„რომ არა 24 თებერვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები, მარტის ინფლაცია აუცილებლად ერთნიშნა იქნებოდა. თუმცა, ალბათ, ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე დაახლოებით 5 თვის წინ ვპროგნოზირებდით“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ "ბიზნეს ფორმულას" ეთერში. 

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, იმის გამო, რომ მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, ინფლაციის მოლოდინებში გადაზრდის რისკები ჩნდება. 

„მონეტარული პოლიტიკის იმ გამკაცრებას, რომელიც მას შემდეგ დავიწყეთ, რაც ეკონომიკამ ვარდნა შეაჩერა, აუცილებლად ექნებოდა შედეგი. მან ეს მოლოდინები შეაჩერა. ეს ჩვენთვის ლაკმუსის ქაღალდია. აუცილებელია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, შესაძლებელია მომავალში გამკაცრებაც“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაციის დონე 11.8% იყო. უკვე 9 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.