LIVE

ბაჩიაშვილის "კრიპტომატი" "ბიტექსჩეინჯს" პასუხობს - ერთნარიად მოწმდებიან თუ არა VASP-ები

15 ოქტ 202611:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 40
ბაჩიაშვილის "კრიპტომატი" "ბიტექსჩეინჯს" პასუხობს - ერთნარიად მოწმდებიან თუ არა VASP-ები

გიორგი ბაჩიაშვილის „კრიპტომატი" განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. 

საქმე იმაშია, რომ ჯერ "რადიო თავისუფლებასთან" და მოგვიანებით, ფორმულას გადაცემასთან "მთელი ამბავი"  ინტერვიუში, ბიტექსჩეინჯის დამფუძნებელმა, დავით ორჯონიკიძემ, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ნანა ყეინიშვილს ადანაშაულებს მის კომპანიაში წილის მიცემის სანაცვლოდ მფარველობის შეთავაზებაში, რის გამოც ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მას ავალდებულებდა მომხმარებლის იდენტიფიცირებას, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიას კი - არა.

რას ნიშნავს მომხმარებლის იდენტიფიცირება

კრიპტომატიც და ბიტექსჩეინჯიც არიან VASP-ები, ანუ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები და ორივე ფლობს კრიპტომატების ქსელს - იგივე ბანკომატის, რომელიც უშუალოდ კრიპტოვალუტის განაღდებისთვის ან ელექტრონულ საფულეზე შეტანისთვისაა განკუთვნილი. შეგაქვთ ნაღდი ფული (მაგალითად, ლარი) და ექვივალენტი კრიპტოვალუტა ირიცხება თქვენს ციფრულ საფულეში, ან გადარიცხავთ კრიპტოვალუტას მითითებულ მისამართზე და აპარატი სანაცვლოდ ქეშს მოგცემთ.

როგორც ჩვეულებრივ ჩარიცხვის აპარატებზე, აქაც, წესით, საჭირო უნდა იყოს მომხმარებლის იდენტიფიცირება იმისთვის, რომ თავიდან იქნას არიდებული ფულის გათეთრების რისკები და უკანონო ტრანზაქციები. 

ბიტექსჩეინჯი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ნაწილში, ეროვნული ბანკის მიდგომა იყო არაერთგვაროვანი. თავიდან ამ წესს არავინ იცავდა, შემდეგ მარეგულირებელმა ზომები გაამკაცრა, თუმცა ორჯონიკიძის მტკიცებით, არა ყველას მიმართ. დავით ორჯონიკიძე ამბობს, რომ რაღაც ეტაპზე, კომპანიები თითქოს შეთანხმდნენ, რომ ერთდროულად ჩართავდნენ იდენტიფიკაციის სისტემას, თუმცა 10 დღეში კრიპტომატმა ეს სისტემა კვლავ გათიშა, რაზეც ბიტექსჩეინჯმა ეროვნულ ბანკს აცნობა, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია. შედეგად კი, ბიტექსჩეინჯმა კრიპტომატის სასარგებლოდ დაკარგა კლიენტები, რადგან ბუნებრივია, მომხმარებელს იდენტიფიცირების გარეშე, ანონიმურად ერჩივნა კრიპტო ტრანზაქციების განხორციელება. "ბიზნეს ფორმულამ" ეროვნულ ბანკს შესაბამისი კითხვებით მიმართა, მარეგულირებლის მხრიდან პასუხის მიღების თანავე ინფორმაცია განახლდება. 

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ თავად ბიტექსჩეინჯი ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით იმ არგუმენტით, რომ 2024 წლის 18 მარტიდან 2026 წლის 6 თებერვლამდე “ბიტექსჩეინჯმა” 572 000 ოპერაცია გაატარა კლიენტის იდენტიფიცირების გარეშე, ხოლო თითო დარღვევაზე 1000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. ეს ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც დავით ორჯონიკიძის ბრალდება ნანა ყეინიშვილის მიმართ გასაჯაროვდა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე საქმე აღიძრა. 

რას ამბობს კრიპტომატი

"შპს ბიტექსჩეინჯი მრავალი წელია გამოირჩევა არაკეთილსინდისიერი კონკურენციითა და ბიზნესპრაქტიკით. ამას ადასტურებენ არა მხოლოდ კონკურენტები, არამედ სხვა კომპანიები და პირებიც, რომლებსაც მათთან რაიმე ბიზნესგადაკვეთა ჰქონდათ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას მათი მხრიდან წარმოდგენილ კანონდარღვევებსა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე, რასაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს კვლავ მივაწვდით და ასევე სასამართლოში შევიტანეთ შესაბამისი სარჩელი," აცხადებს კრიპტომატი, თუმცა არ აკონკრეტებს ვის მიმართა რა კანონდარღვევებზე ან რაზე უჩივის კონკურენტს სასამართლოში.

კრიპტომატი იმეორებს ეროვნული ბანკის განცხადებას, რომ „ბიტექსჩეინჯის“ შემოწმება განხორციელდა გეგმიურად 2026 წლის თებერვალში. კომპანიას დაეკისრა 572 118 000 ლარის ჯარიმა რაც გამოწვეული იყო კომპანიის მხრიდან სერიოზული დარღვევებით, მათ შორის საეჭვო ოპერაციების ანგარიშგების, სისტემებისა და შიდა კონტროლის ხარვეზებიდან გამომდინარე. სიცრუე იყო კომპანიის დირექტორის დავით ორჯონიკიძის განცხადება, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა ექსკლუზიურად მათი შემოწმება, რადგან შპს „კრიპტომატიც“ ბიტექსჩეინჯის მსგავსად ამ დრომდე გადის მარეგულირებელის მხრიდან შემოწმებას, როგორც რამოდენიმე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერიც."

გარდა ამისა, კრიპტომატი დავით ორჯონიკიძის იმ განცხადებასაც ეხმიანება, რომლის თანახმად კანონდარღვევაა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც მძიმე ფინანსურ დანაშაულში მხილებული, არის კომპანიის მფლობელი და ამდენად ამ vasp-ს კანონმდებლობით, საქმიანობის უფლება უნდა ჩამოერთვას.

"გვინდა აღვნიშნოთ, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლის ზომებს არ აქვს კავშირი კომპანიასთან, უფრო მეტიც მის წილს კომპანიაში ადევს სასამართლოს ყადაღა. ამასთანავე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიება, რის საფუძველზეც გიორგი ბაჩიაშვილს შეუჩერდა კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, რაც რეესტრში წარდგენილი წესდების შესაბამისი ცვლილებით დასტურდება," აცხადებს კრიპტომატი.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე, 11 წელი მიესაჯა თანხის უკანონოდ მითვისება-გაფლანგვისა და ფულის გათეთრების მუხლებით, რასაც 2023 წლიდან მოყოლებული, წინ უძღოდა განცხადებები იმაზე, რომ ის "ივანიშვილის პირადი პატიმარია", ასევე რიგი სასამართლო სხდომებისა, სადაც ის თავს დამნაშავედ არ თვლიდა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და მისი ყოფილი უფროსი ბაჩიაშვილს 8 253 ბიტკოინის მითვისებას ედავებოდა (იმ დროისთვის 650 მილიონ ლარს).

სასამართლომ გადაწყვეტილება ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღო. 11 წელ-მისჯილმა ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმრო 8 თვეში დატოვა, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე და პროკურატურისვე ცნობით, მან ყველა ბრალდება აღიარა და ივანიშვილს მოურიგდა. მას შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილს საჯარო განცხადება აღარ გაუკეთებია.