LIVE

რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე გაიზარდა - სესხი 191 800 მომხმარებელს გაუძვირდება

30 მარ 202212:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1547

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ს შეადგენს, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად სესხის პროცენტი 191 800 მომხმარებელს გაეზრდება1 მარტის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.

სებ-ში აცხადებენ, რომ 2022 წელს ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას საწვავის ფასების მკვეთრი მატება მოახდენს.  

ეროვნული ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოში ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. 

„რომ არა ახალი შოკი, ეს შემცირება გაცილებით სწრაფი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნავთობის გაძვირების ფონზე, საწვავის ფასების მკვეთრი მატება, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეს ფაქტი, უკვე ხანგრძლივად მაღალი ინფლაციის ფონზე, შესაძლებელია, ინფლაციის მოლოდინების ზრდაში აისახოს. გარდა ამისა, საგარეო შემოდინებების შემცირების რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მომატებულია, რაც ინფლაციური მოლოდინების კუთხით დამატებით რისკებს შეიცავს“,- აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში. 

ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირაწინა პროგნოზებით, 2022 წელს 5 პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება.

შეგახსენებთ, უკვე 8 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. „საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 13.7% შეადგინა.