ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების მორიგი რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლის მიხედვით, რიგი მსესხებლები ნაკლები თანხის მიმართვას შეძლებენ სესხზე, ანუ სესხის მიღება გაურთულდებათ.
უფრო კონკრეტულად, ზღვრები იცვლება საშუალო შემოსავლიანი მოქალაქეებისთვის. თუკი აქამდე, 1500 ლარიდან 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანს შეეძლო საკუთარი შემოსავლის ნახევარი სესხის გადასახდელად გამოეყენებინა, 2027 წლის თებერვლიდან ეს ზღვარი იცვლება და ის მხოლოდ 25%-ის გამოყენებას შეძლებს.
ამასთან, მათ ვისაც 2000 ლარიდან 2500 ლარამდე შემოსავალი აქვთ და დღეს ამ თანხის ნახევარი შეუძლიათ გამოიყენონ სესხისთვის, 2027 წლის 1-ლი სექტემბრიდან ასევე მხოლოდ 25%-ის მიმართვას შეძლებენ სესხის მომსახურებაზე.
გამოდის რომ 1500-2500 ლარის დიაპაზონში შემოსავლის მქონეებს ყველაზე მეტად ეზღუდებათ სესხის მიღება იმის გამო, რომ საკუთარი შემოსავლის მხოლოდ მეოთხედი შეუძლიათ გამოიყენონ სესხის მომსახურებისთვის.
1500 ლარამდე შემოსავლის მქონეთათვის კოეფიციენტი უცვლელი რჩება 25%, ასევე 2500 ლარს ზევით შემოსავლის მქონეთათვის - 50%.
მარეგულირებელი განმარტავს, რომ სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა.
"მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით, აცხადებს ეროვნული ბანკი და ამით რეალურად აღიარებს, რომ ბოლო დროს რიცხვებში გაზრდილი ხელფასები მაღალი ინფლაციის და მკვეთრად მზარდი ფასების ფონზე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე რეალურად გამდიდრდა.
მისივე არგუმენტით, ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებას და ფინანსური სისტემის მდგრადობას.