აუდიტის სამსახურის დასკვნით, ბიუჯეტის გადასახდელებიდან მიმდინარე წლის 8 თვეში ათვისებულია წლიური გეგმის 60% (18.6 მლრდ ლარი). გადასახდელების ცალკეულ კომპონენტებს შორის კი საყურადღებოა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ და „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლების დაბალი ათვისების ტენდენცია, რომელთა შესრულებამაც 8 თვის მდგომარეობით წლიური გეგმის, შესაბამისად, 39% და 32% შეადგინა.
აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ გასულ წლებთან შედარებით, სახელმწიფოს მიერ გადასახდელების ათვისების თანაბარზომიერება გაუარესდა და განსაკუთრებით გამოწვევად რჩება „არაფინანსური აქტივების ზრდის“ და „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლების დინამიკა.
კერძოდ, 8 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების საშუალოთვიური მაჩვენებელი 2.3 მლრდ ლარს შეადგენს და იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული გადასახდელების წლიური გეგმა შესრულდება, წლის ბოლო ოთხ თვეში გადასახდელების საშუალოთვიური მაჩვენებელი 3.1 მლრდ ლარს გაუტოლდება.
„აღნიშნული მაჩვენებელი ფისკალური წლის პირველი რვა თვის გადასახდელების ფაქტობრივ საშუალო მაჩვენებელს 32.8%-ით გადააჭარბებს,“ ამბობს აუდიტის სამსახური და დასძენს, რომ საბიუჯეტო სახსრების არათანაბარზომიერი ათვისების ტენდენციები განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ვლინდება გადასახდელების ცალკეული კომპონენტების დონეზე.
კერძოდ, „ხარჯების“ მუხლში წლიური გეგმის შესრულების შემთხვევაში, წლის ბოლო ოთხ თვეში ასათვისებელი რესურსის მოსალოდნელი საშუალოთვიური მაჩვენებელი, პირველ რვა თვეში დახარჯული რესურსის საშუალოთვიურ მაჩვენებელს 21%-ით გადააჭარბებს. „არაფინანსური აქტივების ზრდისა“ და „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლების შემთხვევაში კი, შესაბამისად, 207.8%-ითა და 328.8%-ით.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ როგორც მხარჯავმა დაწესებულებებმა, ისე მაკოორდინირებელმა უწყებებმა წლის დარჩენილ პერიოდში გამოყოფილი რესურსი დროულად აითვისონ, რათა არ მოხდეს საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილის წლის ბოლო თვეში დახარჯვა.
გარდა ამისა, 8 თვის მდგომარეობით ათვისების დაბალი ტენდენციით ხასიათდება კაპიტალურ პროექტებზე გამოყოფილი დაფინანსება. კერძოდ, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე თანდართული კაპიტალური პროექტების დანართით განსაზღვრულ პროექტებზე გამოყოფილი დაფინანსებიდან 8 თვეში დაიხარჯა 1.5 მლრდ ლარი, რაც წლიური გეგმის 39%-ია. შედარებისთვის, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 42% იყო, 2024 წელს - 59%, ხოლო 2023 წელს - 52%.
აუდიტის სამსახური ამბობს, რომ როგორც წლიური, ისე 9 თვის დაზუსტებული გეგმის 60%-ზე ნაკლები დაიხარჯა 36 პროექტის შემთხვევაში. მათ შორის, 6 პროექტის ფარგლებში საერთოდ არ მომხდარა თანხის დახარჯვა.
რაც შეეხება გამოყოფილი თანხების ვერ ათვისების განმაპირობებელ მიზეზებს, აუდიტის სამსახური გამოყოფს: ტენდერების უარყოფითი შედეგით დასრულებას, პროექტის დამტკიცების შემდგომ მასში ცვლილებების განხორციელებას, კონტრაქტორი კომპანიების მიერ სერვისის დაგვიანებით მიწოდებას და დამატებითი კვლევების/შეფასების საჭიროების წარმოშობას პროექტების მიმდინარეობის ეტაპზე.
„მიუხედავად იმისა, რომ პროგრამების/პროექტების განხორციელების შეფერხებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით, მნიშვნელოვანია, განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან ყურადღება მიექცეს პროექტების მართვის პროცესში პოტენციური შემაფერხებელი ფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას და მათ აღმოფხვრას,“ ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.