LIVE

წლიური ინფლაცია 12.8%-ია - საქსტატი

03 მაი 202211:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 2645

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1.8%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12.8% შეადგინა. უკვე 10 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 46.2%;
  • პური და პურპროდუქტები - 28.8%;
  • წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ნატურალური წვენები - 24.1%;
  • ზეთი და ცხიმი - 20.8%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 19.3%;
  • თევზეული - 18.9%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 18%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 17.6%;
  • ხილი და ყურძენი - 14.4%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 10.9%.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 29.1%-ით, სატრანსპორტო მომსახურებაზე 10.8%-ით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 3.9%-ით.

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი 9.4%-ით გაძვირდა. აქედან, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 14.4%-ით, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 11.2%-ით, ხოლო ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 6.5%-ით.

შეგახსენებთ, მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.8% შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა საწვავის ფასების მკვეთრმა მატებამ მოახდინა. მარეგულირებლის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება.