LIVE

რას და სად აშენებს "სითიზენი" ექსპო ჯორჯიაში - კომპანიის განმარტება

15 ოქტ 202616:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 77
რას და სად აშენებს "სითიზენი" ექსპო ჯორჯიაში - კომპანიის განმარტება

დეველოპერული კომპანია "სითიზენი" აცხადებს, რომ ახალ შენობებს "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიის მხოლოდ 18%-ზე განათავსებს, უკვე ასფალტირებულ ნაწილში, ხოლო ტერიტორიაზე მშენებლობა მისი "ისტორიისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენარჩუნებით უნდა მოხდეს."

"ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მწვანე სივრცეების, მოზაიკებისა და მონუმენტების, დეკორატიული აუზისა და რაც მთავარია, ისტორიული საგამოფენო პავილიონების შენარჩუნებას," ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც 6 საცხოვრებელი ბლოკისგან, ერთი პრემიუმ აპარტჰოტელისგან და City Mall Expo-სგან შემდგარი პროექტის პრესეილს ერთ კვირაში, 22 ოქტომბერს იწყებს და გეგმავს თითო კვადრატული მეტრი 1600 დოლარად გაყიდოს, ესეც ერთიანი გადახდის შემთხვევაში.

ექსპო ჯორჯიას ვებ-გვერდის თანახმად, ტერიტორიაზე განლაგებულია და მოქმედებს თერთმეტი თანამედროვე საგამოფენო პავილიონი, საერთ ფართობით 7410 კვ.მ, მათ შორის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მოძრავი კედლებით და კონფერენციისთვის საჭირო აპარატურით. ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია ავტოსადგომი მსუბუქი ავტომანქანებისათვის და 29 199 კვ.მ ღია გამწვანებული ტერიტორია. სითიზენის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ექსპო ჯორჯიას მთლიანი ტერიტორია 139 244 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

"სითიზენ ექსპოს" პროექტი ჯერჯერობით განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვა ჯერ გაცემული არ არის, რაც ასევე დაგვიდასტურეს ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში. გრგ-ს ეტაპი კი გულისხმობს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების და ზონირების შეთანხმებას მერიასთან, ასევე სართულიანობის დადგენას, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების განსაზღვრას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაგეგმვას (გზები, ავტოსადგომი, საინჟინრო კომუნიკაცია). გრგ-ს ეტაპის გავლას და მის დამტკიცებას, როგორც წესი თვეები სჭირდება და კომპლექსის საბოლოო სახე შესაძლოა შეიცვალოს. 

ამ ფონზე, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Citizen-ის გეგმა ექსპო ჯორჯიაში მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით ასე გამოიყურება: 

  • 2027 წლის მარტი: მშენებლობის დაწყება
  • 2029 წლის სექტემბერი: ფასადები და ინფრასტრუქტურა
  • 2029 წლის დეკემბერი: პროექტის დასრულება და ბინების ჩაბარება

პროექტის დაანონსებას სოციალურ ქსელებში მოქალაქეების კრიტიკა მოჰყვა იმ არგუმენტით, რომ ექსპო ჯორჯია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საჯარო და გამწვანებული სივრცეა, სადაც კორპუსის ჩადგმა მას პირვანდელ ფუნქციას დაუკარგავს. კრიტიკას "სითიზენი" იმით პასუხობს, რომ აქვეყნებს ვრცელ რელიზს და აღწერს თუ რას გულისხმობს მისი ხედვა. 

"ექსპო ჯორჯიას სივრცე 1994 წლიდან კერძო საკუთრებაშია, თუმცა ამის მიუხედავად ის მუდამ ღია იყო საზოგადოებისთვის. ის ღია დარჩება მომავალშიც ნებისმიერი სტუმრისთვის. ეს ვალდებულება უკვე საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა და ამის პირდაპირი პასუხისმგებლობა დეველოპერულ კომპანიას დაეკისრა. არსებული პარკი სრულად შენარჩუნდება და მოხდება მისი კეთილმოწყობა. ათივე ისტორიულ პავილიონს რეაბილიტაციის სამუშაოები ჩაუტარდება. აღდგება დეკორატიული აუზი და აღდგება წერეთლის მხრიდან მთავარი შემოსასვლელი და ხელახლა გაიხსნება მოედანი მონუმენტით “გონების აღმაფრენა”," წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზში. 

"სითიზენი" იუწყება იმასაც, რომ დამატებით 10 000 მ² გამწვანებული ეზოს მოაწყობს სავაჭრო ცენტრის სახურავზე და იზრუნებს მე-11 პავილიონის გაფართოებაზე. 

რაც შეეხება თავად კომპანიას, „სითიზენი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის, IG Development-ის ჯგუფის წევრია, რომლის მფლობელია მინდია საბანაძე. ამ საინვესტიციო ჯგუფის მფლობელობაშია საბურთალოს და გლდანის სითი მოლი, ასევე საოფისე ფართები სითი მოლის შენობაში, იგივე "სითი თაუერი". კომპანიის პირველი საცხოვრებელი კომპლექსი ამჟამად უნივერსიტეტის ქუჩაზე შენდება. 

„ექსპო ჯორჯიას“ საკონტროლო პაკეტი IG Development-მა "სითი ექსპოს“ მეშვეობით 2024 წელს შეიძინა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი კომპანიის დარჩენილი აქციების სავალდებულო წესით გამოსყიდვის შესახებ განაცხადა, რის უფლებასაც მას „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ანიჭებს. კომპანიას აქვს უფლება ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურის დაწყება მოითხოვოს, აქციის ფასს კი სასამართლო დაადგენს. რეესტრის თანახმად, შპს სითი ექსპოს 90 პროცენტს ფლობს მინდია საბანაძე, ხოლო დანარჩენ 10 პროცენტს ზურაბ ხუციშვილი.