LIVE

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 40%-მდე გაზარდა

23 ნოე 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 343
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 40%-მდე გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 500 საბაზისო პუნქტით, 40%-მდე გაზარდა.

მიღებული გადაწყვეტილება ორჯერ აღემატება ეკონომისტების პროგნოზს, რომლებიც განაკვეთის 250 პუნქტით ზრდას ელოდნენ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ცენტრალური ბანკის ეს ნაბიჯი ქვეყნის ეროვნული ვალუტის, ლირას გაუფასურებასა და გაზრდილ ინფლაციას უკავშირდება. ოქტომბრის მონაცემებით, თურქეთში ინფლაციამ 61%-ს მიაღწია.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკა მიმდინარე წლის ზაფხულში შეცვალა. იქამდე ის არაორდინალურ პოლიტიკას მიჰყვებოდა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთს ამცირებდა. 

თურქეთის დაბალი განაკვეთების პოლიტიკა მას შემდეგ დასრულდა, რაც პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ ერდოღანმა ახალი ეკონომიკური გუნდი - ფინანსთა მინისტრად მეჰმეთ სიმსეკი, ხოლო ცენტრალური ბანკის დირექტორად კი, ჰაფიზე გაიე ერკანი დანიშნა. 

ცნობისთვის, დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უკვე ექვსჯერ გაზარდა: პირველად ივნისში, 8.5%-დან 15%-მდე; მეორედ ივლისში, 15%-დან 17.5%-მდე; მესამედ აგვისტოში, 17.5%-დან 25%-მდე; მეოთხედ სექტემბერში, 25%-დან 30%-მდე, მეხუთედ კი ოქტომბერში 30%-დან 35%-მდე.