LIVE

თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

09 ივნ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 558
თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამ თანამდებობაზე, ისტორიაში პირველად, ქალი დანიშნა - ამიერიდან თურქეთის ცენტრალური ბანკის დირექტორი ჰაფიზე გაიე ერკანი იქნება.

ჰაფიზე გაიე ერკანი წარსულში ამერიკული First Republic Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ამიერიდან იგი თურქეთის მონეტარულ პოლიტიკას განსაზღვრავს. აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა, დასრულდეს ერდოღანის ზედმეტად დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა და ლირას კურსის გასაძლიერებლად ეკონომიკაში მთავრობის მუდმივი ჩარევის პოლიტიკა. 

სიახლის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, სავარაუდოდ, ერდოღანმა ეკონომიკის ახალი ლიდერების შერჩევა დაასრულა. რამდენიმე დღის წინ თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად Merrill Lynch-ის ყოფილი სტრატეგი მეჰმეთ სიმსეკი დასახელდა.

თითქმის ათი წლის განმავლობაში ერკანი Goldman Sachs Group-ში მუშაობდა, შემდეგ კი დაახლოებით რვა წლის განმავლობაში იგი First Republic-ის აღმასრულებელ დირექტორს წარმოადგენდა. 

აღსანიშნავია, რომ ერკანი თურქეთის ცენტრალური ბანკის პირველი ქალი დირექტორი იქნება, და მოუწევს, იმუშაოს პრეზიდენტთან, რომელსაც სჯერა, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთი ინფლაციას ამცირებს.