LIVE

ერდოღანის გადაწყვეტილებამ ინფლაცია შეამცირა

05 ივნ 202315:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
ერდოღანის გადაწყვეტილებამ ინფლაცია შეამცირა

თურქეთში წლიური ინფლაცია 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ჩამოვიდა და მაისის თვეში 40%-ზე ნაკლები შეადგინა. ინფლაციის შემცირება განაპირობა ერდოღანის გადაწყვეტილებამ, თურქეთის მოსახლეობა მაისის თვის გაზის გადასახადისაგან გაეთავისუფლებინა

ამრიგად, ოფიციალურად ინფლაცია მხოლოდ იმის გამო დაეცა, რომ თურქეთის სტატისტიკის სამსახურს მაისის თვის გაზის ფასების ნულად აღნიშვნა მოუწია. გაზის გადასახადი კი თურქული სამომხმარებლო ფასების კალათის დაახლოებით 3%-ია. 

რეალურად, სამომხმარებლო ფასები მაისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 39.6%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ზრდაში თითქმის არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება აპრილის თვის ფასებთან შედარებით; სწორედ ამიტომ, 2023 წლის მაისი 2018 წლის შემდეგ აღმოჩნდა პირველი თვე, როდესაც თვიური ინფლაციის მაჩვენებელი თითქმის 0-ს მიუახლოვდა. 

თურქეთში ინფლაცია უკვე ზედიზედ შვიდი თვეა მცირდება; ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც 86%-ს შეადგენდა, ქვეყანაში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფლაცია ყოველთვიურად იკლებს, თუმცა ამასთან ერთად, საყურადღებოა ლირას კურსიც, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოველდღიურად ეცემა. ამის გამო რაიმე მყარი იმედი თურქეთის შინამეურნეობების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, ჯერჯერობით არ არსებობს. 

ლირა კვლავ გაუფასურდა და ამჟამად იგი დოლართან 1:21.1662 კურსით იცვლება. 

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებიდან სულ რამდენიმე დღეში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად მეჰმეთ სიმსეკი დაასახელა. სიმსეკი ერდოღანის წინა კაბინეტებში ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი იყო. ექსპერტები სიმსეკის დანიშვნის შემდეგ თურქეთში მონეტარული პოლიტიკის გადახედვას პროგნოზირებენ.